კრემლის მორიგი ინიციატივა: "რუსულ-ქართული ბიზნეს-საბჭოს" სხდომის შედეგები
04/12/2023 09:32:50 პოლიტიკა
ინგუშეთში "რუსეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს" მორიგი სხდომა გაიმართა. გასული კვირის ბოლოს ჩატარებული შეხვედრა "ტურიზმსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში კულტურულ ფასეულობებს მიეძღვნა“, - იუწყება ინგუშეთის რესპუბლიკის მთავრობა.
უწყების პრეს-რელიზში ასევე ნათქვამია, რომ "მხარეები სატრანსპორტო კავშირების ორგანიზებაზე, ახალგაზრდული ფესტივალის გამართვასა და ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციის შექმნაზე" შეთანხმდნენ, ასევე „ინგუშეთის გავლით საქართველოში ახალი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ადგილი მოინახულეს“.
ცნობისთვის: ინგუშეთიდან საქართველოში რკინიგზის შესაძლო მშენებლობის შესახებ მსჯელობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გააქტიურდა. კერძოდ, ამის შესახებ ისაუბრა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ. საქართველოს მთავრობას ამ ინიციატივაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
მანამდე ინგუშეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ სარკინიგზო ხაზის შემოთავაზებული მარშრუტიც დაასახელა და განაცხადა, რომ „პროექტის მიზანია სტაბილური სატრანსპორტო სარკინიგზო კავშირის დამყარება კავკასიონის მთავარი ქედის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის სატვირთო და სამგზავრო მარშრუტების შესამოკებლად“.


