
საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარს დაუჭერთ? - ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასუხები
01/12/2023 10:39:10 პოლიტიკა
ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.
მანამდე, 8 ნოემბერს ევროპულმა კომისიამ გასცა რეკომენდაცია, ქვეყანას სტატუსი 9 დათქმით მიენიჭოს.
„აქცენტი“ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციით დაინტერესდა და მათ დიპლომატიურ უწყებებს შესაბამისი კითხვით მიმართა.
გთავაზობთ, მიღებულ პასუხებს:
რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ:
"რუმინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ყოველთვის მხარს უჭერს მის ევროპულ მისწრაფებებს".
ბულგარეთის ელჩი ვესელინ ვალკანოვი:
"მჯერა, რომ ევროპულ საბჭოში ბულგარეთი მხარს დაუჭერს ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე".
სამხრეთ კავკასიაში ფინეთის ელჩი კირსტი ნარინენი:
"ფინეთის მთავრობამ პოზიტიური პასუხი გაუგზავნა პარლამენტს და მხარი დაუჭირა ევროპული კომისიის მოსაზრებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ და მთავრობა საპარლამენტო განხილვისას პოზიციის შეცვლას არ ელის. ჩვენ გვინდა, საქართველოსა და ქართველი ხალხის კეთილდრეობა, მაგრამ ჩვენ ასევე ველით დამსახურებაზე დაფუძნებულ შეფასებას, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ევროპული გზის მომავალს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს და კომისიის მიერ დასახელებული პირობები შესრულდეს".
იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო:
"იტალია მიესალმება ევროპული კომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დათქმით, რომ ნაბიჯები გადაიდგმება ცხრა პრიორიტეტული სფეროს მოსაგვარებლად. როგორც საქართველოს ევროპული პერსპექტივის ძლიერი მხარდამჭერი, იტალია იმედოვნებს, რომ დეკემბერში ევროპული საბჭო მხარს დაუჭერს კომისიის რეკომენდაციას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის პროცესში. იქედან გამომდინარე, რომ გაფართოების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ინტეგრაციის პროცესის წინსვლისთვის ყველა ქართველ პოლიტიკურ და სოციალურ აქტორს შორის ინკლუზიური თანამშრომლობა აუცილებელ რეფორმებზე ფოკუსირებისთვის გადამწყვეტი იქნება".
ნიდერლანდების სამეფოს ელჩი მელინე არაკელიანი:
"ამ ეტაპზე შეგვიძლია, გაცნობოთ, რომ ნიდერლანდების მთავრობას ჯერ არ ჩამოუყალიბებია პოზიცია ევროკომისიის გაფართოების ანგარიშსა და მის რეკომენდაციაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ".
ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი:
"ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოს ძალისხმევას კანდიდატის სტატუსის მისაღებად და გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისა და ნატო–სკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხისთვის, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ვაღიარებ, მნიშვნელოვანი ეტაპია ევროკავშირისკენ მიმავალ გრძელ გზაზე. ჩვენ ადრეც განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუ ამას ევროკომისიის შემოდგომის შეფასების ანგარიშის დასკვნები შეესაბამებოდა. კომისიამ რეკომენდაცია გასცა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგმება. ახლა ჩვენ ვსწავლობთ საქართველოს სამოქმედო გეგმას 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული 9 ნაბიჯის განსახორციელებლად, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ 27 ნოემბერს. ჩეხეთის მთავრობის საბოლოო პოზიცია ჯერ არ არის მზად".
ავსტრიის საელჩო:
"ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ევროკომისიამ თავისი რეკომენდაციით გააგზავნა ძლიერი პოლიტიკური სიგნალი საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობაში პროევროპულ განწყობას. ევროკომისიის რეკომენდაციას სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურების დონეზე ევროსაბჭოში ორ კვირაში განვიხილავთ. ამის შემდეგ ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას. ამასობაში და შემდგომში, მოვუწოდებთ ყველა ქართველ დაინტერესებულ მხარეს, დაიწყონ ერთობლივად და ინკლუზიურად მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯზე".
გერმანიის საელჩომ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა და გვირჩია "დაველოდოთ გადაწყვეტილების გასაჯაროებას".
შვედეთის საელჩომ ჩვენი კითხვა პასუხის გარეშე დატოვა "ამ ეტაპზე ელჩის სხვა ვალდებულებების გამო".
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს, მათ პოზიციას "აქცენტი" ელის და პასუხებს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.