Accentnews.ge
ილია დარჩიაშვილი – ეუთო–ს მინისტერიალზე: თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტია

ილია დარჩიაშვილი – ეუთო–ს მინისტერიალზე: თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტია

30/11/2023 16:34:39 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო–ს მინისტრთა საბჭოს რიგით 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ძალადობის მორიგი აქტი უწოდა.

„ცოტა ხნის წინ მშვიდობიანი მოქალაქის თამაზ გინტურის მკლელობა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის მის მშობლიურ სოფელ კირბალთან არის ეთნიკური ქართველების წინაღმდეგ ძალადობის მორიგი აქტი“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ისაუბრა განგრძობად ოკუპაციაზე, რომლითაც, მისი თქმით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების მსხვერპლი ხდება. ისინი კილომეტრიანი მავთულხლართებით იზოლირებულნი არიან ნათესავებისგან, სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან, სალოცავებისგან, მათ წართმეული აქვთ გადაადგილების უფლება, საბაზო საჭიროებებზე წვდომა. უკანონო დაკავებები და გატაცებები მზარდი პრაქტიკაა, რომელიც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს“, - განაცხადა ილია დარჩაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა საქართველოს პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის და აღნიშნა, რომ ეს მიდგომა ორი მთავარ საყრდენზე დგას, ესენია: "რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და დაყოფილი საზოგადოების შერიგება".

ამასთან, მან ისაუბრა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაცხადა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას.

სკოპიე 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს ეუთო–ს მინისტერიალს მასპინძლობს.

ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სრგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

მინისტერიალში მონაწილეობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.

ცნობისთვის: 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან, ლომისის სალოცავში სანთლის დასანთებად მისული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დათიაშვილი კი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. გინტური 11 ნოემბერს კირბალში სამხედრო პატივით დაკრძალეს. მას ორი ტყვია ზურგის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

23 ნოემბერს ევროპარლამენტმა თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S