ეუთო–ში სერგეი ლავროვის გამოსვლის დროს ზოგიერთი ქვეყნის დელეგაციამ სხდომათა დარბაზი დატოვა
30/11/2023 14:24:46 მსოფლიო
30 ნოემბერს სკოპიეში ეუთო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე დელეგაციების ნაწილმა სხდომათა დარბაზი მაშინ დატოვა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გამოსვლა დაიწყო.
როგორც "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი იუწყება, დელეგატებმა დარბაზიდან გასვლა დაიწყეს იმ განცხადების გაკეთებისთანავე, რომლის შემდეგაც სიტყვა რუსეთის მინისტრს გადაეცა. რომელი ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ დარბაზიდან გამოცემას არ დაუკონკრეტებია. თუმცა მოგვიანებით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იგი ლავროვის გამოსვლას არ დაესწრო:
- "მე არ მოვუსმინე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას სკოპიეში. ვფიქრობდი, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა, იმ ოთახში ყოფილიყო ჩვენი კოლეგა, რომელსაც დეზინფორმაციის მონიტორინგი ევალებოდა".
სხდომაზე ლავროვმა თქვა, რომ "კიევის რეჟიმი დონბასში სადამსჯელო ოპერაციას ატარებს რვა წლის განმავლობაში", რომ "უკრაინასა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნაცისტური იდეოლოგიის ტალღაა".
მან თავის გამოსვლაში ევროკავშირი დაადანაშაულა იმისთვის, რომ სურს „კიევის რეჟიმს ორგანიზაციის კარი დაჩქარებული წესით გაუღოს".
ლავროვმა გამოხატა უკმაყოფილება "უკრაინის მიერ გატარებული სახელმწიფო ენის პოლიტიკის გამოც" და დაადანაშაულა ევროკავშირი და შეერთებული შტატები, რომ "არ შეამჩნიეს უკრაინის ძირითადი კანონის ბოროტად გამოყენება".
ლავროვმა თავის სიტყვაში ასევე თქვა, რომ ეუთო, სავარაუდოდ, "უფსკრულის ზღვარზეა" და რომ დასავლეთი "კლავს ჯგუფის აღდგენის შანსებს".
ლავროვის შემდეგ გამოსულმა სპიკერმა, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რუსეთის მინისტრის გამოსვლის რიგ თეზისს "შეცდომაში შეყვანის" მცდელობა უწოდა, მაგრამ ლავროვმა არ მოუსმინა კოლეგას და შეხვედრა დატოვა.
ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს ბოიკოტი გამოუცხადეს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ეუთო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომაში მონაწილეობს. მას ოპოზიცია ბოიკოტისკენ მოუწოდებდა.


