მედია: ესტონეთი მზადაა, რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს
30/11/2023 12:13:41 მსოფლიო
ესტონეთი მზადაა, რუსეთთან საზღვარი ჩაკეტოს, – იუწება POLITICO ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ მაგნუს ცაჰკნაზე დაყრდნობით.
როგორც მაგნუს ცაჰკნა აცხადებს, "ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიგრანტების რაოდენობის დრამატული ზრდა მოსკოვის მიერ ორკესტრირებული უხეში ჰიბრიდული თავდასხმის ნაწილია".
"ერი მზად არის რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვისთვის, თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება", – განაცხადა მან.
მისი თქმით, "მზარდი კრიზისი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინაში არ იბრძვის; არამედ საფრთხეს უქმნის სხვა ქვეყნებს".
ამასთან, ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მთავრობა გეგმავს, გაუმკლავდეს საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის პოტენციურ ზრდას მას შემდეგ, რაც ფინეთმა სამშაბათს დახურა რუსეთთან ყველა საგუშაგო და დაადანაშაულა კრემლი მიგრანტების კრიზისის გაღვივებაში.
"მოსკოვის აქტივობა გამიზნულია ანგარიშსწორებისთვის სკანდინავიური ქვეყნის გადაწყვეტილების გამო, გაწევრიანდეს ნატო–ში", – აცახდებენ უწყებაში.
600-ზე მეტი ადამიანი ქვეყნებიდან, მათ შორის ავღანეთიდან, იემენიდან, სომალიდან და მაროკოდან, ჩავიდა ფინეთში ბოლო კვირებში, ბევრი მათგანი საკმარისი დოკუმენტაციის გარეშე. როგორც გამოცემა წერს, გაურკვეველია, როგორ შეძლებდნენ ისინი რუსეთში შესვლას ან გასვლას, თუ ხელისუფლების მხარდაჭერა არ ჰქონდათ.


