თეონა აქუბარდია: სწორი იქნებოდა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო ეუთო-ს შეხვედრაზე
29/11/2023 08:16:08 პოლიტიკა
სწორი იქნებოდა, უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მსგავსად, საქართველოს მთავრობას მიეღო გადაწყვეტილება, არ ჩასულიყო ეუთო-ს შეხვედრაზე, რომელსაც ლავროვი ესწრება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისი თქმით, მტერთან ერთ დარბაზში ყოფნა უღირსი საქციელია
„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ლავროვმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეუთო აღარ ყოფილიყო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისევე, როგორც ეუთო-ს პრინციპების წინააღმდეგ მუშაობს რუსეთი უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის კონტექსტში. რა თქმა უნდა, ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ არ ჩასულიყო ამ შეხვედრაზე სწორი იქნებოდა, ისევე, როგორც ეს გააკეთა უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა, მაგრამ თუ ის ჩადის და არ ლაპარაკობს საოკუპაციო რეჟიმის იმ უკანონობაზე, რომელიც თამარ გინტურის მკვლელობით დასრულდა, იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, ეს კიდევ ერთხელ გამახსენებს ვიცე-პრემიერის უღირს საქციელს, როცა ის იჯდა და პუტინთან ერთად სადილობდა შეხვედრის დატოვების ნაცვლად, რადგან მტერთან, ოკუპანტ სახელმწიფოსთან და მის ლიდერთან რომელმაც ომი აწარმოა და მოგვიკლა უამრავი ხალხი, უღირსი საქციელია ერთ დარბაზში ყოფნა“, - განაცხადა აქუბარდიამ.
ცნობისთვის: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს.
„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა.
სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატო–ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავა.
ბულგარეთმა, რომელიც ევროკაშირის წევრი ქვეყანაა, თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში უნდა ჩავიდეს.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
"რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.


