რუსეთმა გადაწყვიტა, არ განაახლოს იაპონიასთან ბირთვულ იარაღზე შეთანხმება
29/11/2023 06:58:09 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა იაპონიას მისი განზრახვის შესახებ, არ განაახლოს შეთანხმება ბირთვული იარაღის ლიკვიდაციის შესახებ. საუბარია 1993 წლის 13 ოქტომბრით დათარიღებულ შეთანხმებაზე. შეთანხმებას ვადა 2024 წლის 21 მაისს ეწურება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლობის შეწყვეტა იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას „ღია ანტირუსული პოლიტიკით“ ახსნა.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საპასუხოდ, ტოკიო შეუერთდა მოსკოვის წინააღმდეგ შეერთებული შტატებისა და G7-ის სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, კრემლის მომხრე სხვადასხვა პოლიტიკოსები და ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე. დასავლური ქვეყნები რუსეთს ადანაშაულებენ უგუნურ ბირთვულ რიტორიკაში.
ოქტომბრის ბოლოს რუსეთმა ჩაატარა მასიური ბირთვული დარტყმის წვრთნები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პირადი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა.
ნოემბრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც გააუქმა მოსკოვის მიერ ყოვლისმომცველი ბირთვული აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიცირება. დოკუმენტი 1996 წელს იქნა მიღებული.
თანამედროვე რუსეთში ბირთვული გამოცდები, რომლებიც დაკავშირებულია ნამდვილი ბირთვული მუხტის აფეთქებასთან, არ ჩატარებულა.


