Accentnews.ge
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს

28/11/2023 15:45:27 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ეუთო-ს მინისტერიალს ბოიკოტს უცხადებს.

„უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად რუსეთის დელეგაციის დასწრება ეუთო-ს მინისტერიალზე გააღრმავებს კრიზისს, რომელშიც ეუთო რუსეთმა შეიყვანა“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს ბალტიის ქვეყნებმა.

სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატო–ს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავა.

ბულგარეთმა, რომელიც ევროკაშირის წევრი ქვეყანაა, თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში უნდა ჩავიდეს.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

"რადიო თავისუფლების" ბულგარული სამსახური საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S