Accentnews.ge
რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

28/11/2023 13:33:16 პოლიტიკა

რუმინეთის პარლამენტმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. ამის შესახებ "აქცენტს" საქართველოში რუმინეთის ელჩმა რაზვან როტუნდუმ განუცხადა.

როგორც 27 ნოემბერს რუმინული მედია იუწყებოდა, რუმინეთის პარლამენტი მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივების შესახებ დეკლარაციის მიღებას გეგმავდა.

მისივე ცნობით, დოკუმენტის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი გამოდის მოწოდებით, გაგრძელდეს მხარდაჭერა საქართველოს პროგრესისთვის ევროპულ გზაზე, მათ შორის კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსის მინიჭების გზით, ქვეყნის მოქალაქეების აშკარა პროევროპული ორიენტაციის გათვალისწინებით. დეკლარაციის მიხედვით, რუმინეთის პარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა ევროკომისიის რეკომენდაციების განსახორციელებლად.

დოკუმენტის თანახმად, რუმინეთის პარლამენტი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას ითანამშრომლოს და მხარი დაუჭიროს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს გაწევრიანების პროცესების წინსვლისთვის.

ცნობისთვის: 2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 9 დათქმით მიენიჭოს.

ევროპული საბჭო საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S