მედია: უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის ცოლი მძიმე მეტალებით მოწამლეს
28/11/2023 09:52:56 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვის მეუღლე მარიანა მძიმე მეტალებით მოწამლვით საავადმყოფოში მოხვდა.
მედიის ინფორმაციით, მარიანა ბუდანოვას ჰოსპიტალიზაცია მას შემდეგ განხორციელდა, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განგრძობადად უარესდებოდა.
როგორც მედია აღნიშნავს, ამ დროისთვის მკურნალობის კურსი დასასრულს უახლოვდება, თუმცა ქალბატონს საავადმყოფოდან გაწერის შემდეგაც მედიკოსების ხანგრძლივი მეთვალყურეობა ელის.
როგორც გამოცემა "ბაბელი" აღნიშნავს, მარიანა ბუდანოვას ორგანიზმში აღმოჩენილი საშიში ნივთიერებები არც ყოფაცხოვრებაში გამოიყენება, არც სამხედრო სფეროში, რაც იმის ნიშანია, რომ ადგილი ჰქონდა მოწამლვის მიზანმიმართულ მცდელობას. ერთჯერადად გამოიყენეს ეს ნივთიერებები, თუ ხანგრძლივი დროის განმავლობაში წამლავდნენ ქალბატონს - ჯერ-ჯერობით უცნობია.
«РБК-Украины»-ს ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება დაზვერვის უფროსის მეუღლის მოწამლვის სავარაუდო მცდელობასთან დაკავშირებით.
ადრე თავად ბუდანოვმა უამბო მედიას, რომ ომის დაწყების შემდეგ მეუღლე მის კაბინეტში გადაცხოვრდა და ისინი მთელ დროს ოფისში ატარებდნენ.
თავად ბუდანოვზე ომის დაწყების შემდეგ უკვე რამდენიმე თავდასხმაა განხორციელებული. ერთ-ერთ მათგანს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოფისზე სარაკეტო იერიში წარმოადგენდა.


