
"არასრულწლოვნებს აშანტაჟებენ ფოტოებითა და ვიდეოებით": თოლორაია, მათ შორის, სკოლებში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს
28/11/2023 09:17:35 საზოგადოება
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით ყველაზე მეტი გამოწვევა სკოლებშია,– ამ გასკვნამდე მივიდა „კანონის უზენაესობის ცენტრი“ საქართველოში არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადებისას, რომელიც დღეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და ექსპერტებს გააცნეს.
ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ლონდა თოლორაია მწუხარებით აღნიშნავს, რომ მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობას არ აქვთ სათანადო ცოდნა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხების თაობაზე, რაც ამ სფეროში ბავშვების მონაცემების უკანონო გამოყენების, გასაჯაროებისა ან/და სხვა ფორმით უკანონო დამუშავების მიზეზი ხდება.
„არასრულწლოვნები არიან ბევრად უფრო მოწყვლადები, მათ აქვთ ნაკლები ინფორმაცია თავიანთი უფლებების შესახებ. ისინი განსაკუთრებით სენსიტიურები არიან, როდესაც მათი ცხოვრების პირადი დეტალები, პერსონალური მონაცემები ინტერნეტსივრცეში ან არაუფლებამოსილი მესამე პირების ხელში საჯარო ხდება. ეს იყო ძირითადი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს სფერო გამოვიკვლიეთ",– განმარტა კვლევის მიზეზი თოლორაიამ.
მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით გარკვეული ნაბიჯები იდგმება სახელმწიფო უწყებისა და კერძო დაწესებულებების მხრიდან, თუმცა ეს ნაბიჯები არ არის საკმარისი, არ არის სისტემური, სრულფასოვანი და შედეგად ვიღებთ იმას, რომ არც ერთ სფეროში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემებისა და პირადი ცხოვრების დაცვის სტანდარტი არ არის სათანადო სიმაღლეზე:
"ყველაზე პრობლემურ სფეროდ გამოიკვეთა სკოლა, სადაც ბავშვების ყველაზე მეტი მონაცემი მუშავდება, ეს ეხება როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს. სამწუხაროდ, მასწავლებლებს, არც ბავშვებს და არც მშობლებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ, არ იციან ვის უნდა მიმართონ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, როდესაც ისინი ინფორმაციის უკანონოდ დამუშავების მსხვერპლი ხდებიან. შედეგად ჩვენ ვიღებთ იმას, რომ მათი მონაცემები მუშავდება არასწორად, ვრცელდება საჯარო და ინტერნეტსივრცეში. სამწუხაროდ, გვაქვს მაგალითები, როდესაც არასრულწლოვნების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება, ასევე არასრულწლოვნებს აშანტაჟებენ ფოტოებითა და ვიდეოებით, რაც მძიმედ აისახება არასრულწლოვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და მათ შემდგომ ცხოვრებაზე“.
ის შესაბამის უწყებებს ამ მიმართულებით კოორდინაციის გაძლიერების რეკომენდაციით მიმართავს.