
ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ ჯაშუშურმა თანამგზავრმა თეთრი სახლი და პენტაგონი გადაიღო
28/11/2023 06:49:46 მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა ირწმუნება, რომ მისმა თანამგზავრმა თეთრი სახლის, პენტაგონისა და აშშ-ის ატომური ავიამზიდის "დეტალური" ფოტოები გადაიღო. ფხენიანის სახელმწიფო პროპაგანდისტული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 25-27 ნოემბერს გადაღებული სურათები ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ნახა.
სურათები დამოუკიდებელი წყაროების მიერ გადამოწმებული არაა და ექსპერტების თქმით, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის დადგენა, მუშაობს თუ არა Malligyong-1 ჯაშუშური თანამგზავრი გაშვებიდან ერთი კვირის შემდეგ.
სახელმწიფო სააგენტო ირწმუნება, რომ კიმმა დაათვალიერა ანდერსენის საჰაერო ძალების სატელიტური ფოტოები აშშ-ს დასავლეთ წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე, გუამში და აშშ-ს გემთმშენებლობა და ავიაბაზა ნორფოლკსა და ნიუპორტში, სადაც სულ ოთხი ბირთვული ავიამზიდი და ბრიტანული ავიამზიდი შენიშნეს.
ჩრდილოეთ კორეის ამ განცხადებას ვაშინგტონისგან გამოხმაურება ჯერ–ჯერობით არ მოჰყოლია.
ცნობისთვის: 22 ნოემბერს ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებდა, რომ კოსმოსში წარმატებით გაუშვა რაკეტა მზვერავი თანამგზავრით - მას შემდეგ, რაც წინა ორი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. თუმცა აღნიშნული თანამგზავრის შესაძლებლობები დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმებული არ არის.
სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ ჯერ დადასტურებული არაა მუშაობს თუ არა თანამგზავრი, მაგრამ მას მიაჩნია, რომ ჩრდილოეთ კორეამ დახმარება რუსეთისგან მიიღო.
თანამგზავრის გაშვება დაგმო გაერომ, რომელსაც ბირთვული რაკეტის შემუშავების გამო ჩრდილოეთ კორეის მიმართ სანქციები აქვს დაწესებული.