
Georgian Airways თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს იწყებს
28/11/2023 06:29:20 ეკონომიკა
Georgian Airways 10 დეკემბრიდან თბილისსა და სანქტ-პეტერბურგს შორის პირდაპირ ფრენებს იწყებს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.
ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის ოპერატორმა შპს Northern Capital Gateway-ის პრესსამსახურმაც გაავრცელა.
Georgian Airways-ს, ისევე როგორც საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს ახალი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ამჟამად ავიაკომპანია თბილისსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ფრენებს ახორციელებს. სანქტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით ფრენებს უკვე რუსული ავიაკომპანია Red Wings ახორციელებს.
მანამდე მახაჩყალის აეროპორტის განრიგში გაჩნდა Georgian Airways-ის თბილისიდან რეისის შესრულების შესახებ ცნობა, თუმცა ავიაკომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ წელს თბილისიდან მახაჩყალაში რეისები არ განხორციელდება, მომავალი წელი კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამ–არხი იტყობინება, რომ Georgian Airways გეგმავს ფრენების განხორციელებას თბილისსა და მახაჩკალას, ასევე თბილისსა და სანკტ-პეტერბურგს (10 დეკემბრიდან), ბათუმსა და მოსკოვს (12 დეკემბრიდან) შორის.
მედია წერდა, რომ დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა, კვირაში 58-ს მიაღწიოს. რუსული Red Wings-ის ფრენები იგეგმება რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებით (ჯამში 23 ფრენა კვირაში). მიუხედავად იმისა, რომ რუსული კომპანიის ვებგვერდზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საქართველოს ხელისუფლებას შესაბამისი ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაცია არ აქვეყნებს.
Azimut Airlines ასევე ახორციელებს ფრენებს საქართველოს მიმართულებით: მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, სოჭი–თბილისი–სოჭი; მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი.