
მეკობრეების მიერ გატაცებული ტანკერი, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ამერიკელებმა გაათავისუფლეს
27/11/2023 07:43:13 მსოფლიო, საზოგადოება
კვირას ადენის ყურეში შეიარაღებულმა პირების მიერ დატყვევებული ტანკერის დასახმარებლად ამერიკული Mason მივიდა. ისრაელის ბიზნესთან დაკავშირებული ტანკერი გაათავისუფლეს, მისი ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან. ამის შესახებ Reuters იუწყება.
ტანკერის ხუთი გამტაცებელი ნავით ცდილობდა გაქცევას, მაგრამ დააკავეს, – ნათქვამია აშშ-ის ხელისუფლების განცხადებაში. თავდასხმის მონაწილეების შესახებ დეტალები არ ვრცელდება.
მეკობრეების დევნისას ამერიკული გემისა და ტანკერის მიმართულებით იემენის ტერიტორიიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს. თუმცა მათ მიზანს ვერ მიაღწიეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში აღნიშნა, რომ არც ერთი ხომალდი არ დაზიანებულა და არც დაშავებულები არიან.
მცირე ზომის ტანკერს Central Park-ს, რომელსაც ქიმიური ტვირთი გადააქვს, მართავს ლონდონში დაფუძნებული ისრაელის კომპანია Zodiac Maritime. ტანკერის ეკიპაჟი, რომელსაც თურქი კაპიტანი ხელმძღვანელობს, 22 ადამიანისგან შედგება. ისინი არიან საქართველოს, რუსეთის, ვიეტნამის, ბულგარეთის, ინდოეთის და ფილიპინების მოქალაქეები, – იტყობინება Zodiac Maritime.
გემზე თავდასხმა ბოლოა ახლო აღმოსავლეთის წყლებში მსგავსი თავდასხმების სერიიდან ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დაწყების შემდეგ. ამ ინციდენტს წინ უძღოდა ისრაელთან დაკავშირებული სატვირთო გემის დაკავება სამხრეთ წითელ ზღვაში იემენის ჰუთი ამბოხებულების მიერ. შემთხვევა ერთი კვირის წინ დაფიქსირდა. შემდეგ ჰუთები, რომლებიც პერიოდულად უშვებენ რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს ისრაელის მიმართულებით, ღაზას სექტორში „აგრესიის“ საპასუხოდ ისრაელის ყველა გემზე თავდასხმით დიმუქრნენ.