„ჰამასმა“ ისრაელის 13 მოქალაქე და 4 უცხოელი მძევალი გაათავისუფლა
26/11/2023 14:15:34 მსოფლიო
25 ნოემებრს „ჰამასმა“ ისრაელის 13 და ტაილანდის 4 მოქალაქე "წითელი ჯვრის" თანამშრომლებს გადასცა. სანაცვლოდ, ისრაელმა სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 39 პალესტინელი გაათავისუფლა.
აღნიშნული გაცვლა რიგით მეორეა. კერძოდ, 24 ნოემბერს „ჰამასმა“ 25 მძევალი, მათ შორს ტაილანდის 12 და ისრაელის 13 მოქალაქე გაათავისუფლა, სანაცლოდ ისრაელმა ციხეებიდან 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.
ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს. საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ „ჰამასმა“ ისრაელს მძევლების სია გადასცა. მასში შედის ისრაელის 13 მოქალაქე და შვიდი უცხოელი, რომლებიც დღეს უნდა გაათავისუფლონ. საპასუხოდ, ისრაელი თავისი ციხეებიდან პალესტინურ მხარეს 39 პატიმარს გადასცემს.
კატარის შუამდგომლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში 50 მძევალს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ხოლო ღაზას სექტორში დღეში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.


