
ფაშინიანი: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას
24/11/2023 17:53:08 კავკასია
სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„მე არაერთხელ განვაცხადე ჩემს საჯარო განცხადებებში, რომ ჩვენ სრულად და ცალსახად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთობას და სახელმწიფოებრიობას“, - ასე უპასუხა ფაშინიანმა პირდაპირ ეთერში კითხვას, მზად არის თუ არა სომხეთი, აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად.
მისი თქმით, ამ საკითხის ირგვლივ კენჭისყრისას გაეროში სომხეთის პოზიციონირება 2019 წლამდე და მის შემდეგ მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქართველოს წარმომადგენლებმა კმაყოფილებაც გამოთქვეს.
„და ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენ ცალსახად და სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და დემოკრატიას“, - ხაზგასმით აღნიშნა ფაშინიანმა.
მანამდე სომხეთი გაეროში წინააღმდეგ აძლევდა ხმას რეზოლუციას, რომელიც აღიარებს ყველა ლტოლვილსა და იძულებით გადაადგილებულ პირის აფხაზეთსა და ცხინვალში დაბრუნების უფლებას. 2019 წლიდან სომხეთი კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს.