
საქსტატი: 2023 წლის III კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა
24/11/2023 07:43:07 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს ტერიტორიიდან რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 18.2%-ით მეტია.
საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 21.7%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტების უმრავლესობა, 48.1%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამთლიანი ვიზიტების 48.2 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 279.5 ათასი და 107.6 ათასი ვიზიტი.
ამასთან, 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.2 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 13.4%-ით მეტია.
განხორციელებული ვიზიტების 96.3% წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
გარდა ამისა, 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.1%-ით მეტია.
ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12%-ით შემცირდა და915.3 ლარი შეადგინა.