ველური ბუნებისა და ნადირობის სექტორში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების პრეზენტაცია გაიმართა

20-12-2019 17:00:57 სხვა ,რეგიონები ,რეკლამა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), „ველური ბუნების მდგრადი მართვის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების“ სამწლიანი პროექტის შედეგები შეაჯამა. პროექტის ფარგლებში მომზადდა „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის შესახებ“ კანონპროექტი, ჩამოყალიბდა ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და განხორციელდა ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები.

ღონისძიება FAO-ს პროექტის მენეჯერმა, თინათინ კბილაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნეს. მათ სამონადირეო სექტორში მიღწეულ იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებზე ისაუბრეს, რომლებიც პროექტის ფარგლებში მომზადდა და განხორციელდა.

„პროექტის ფარგლებში FAO-ს ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა რეკომენდაციები ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამონადირეო სექტორის ჩამოსაყალიბებლად, გადაიდგა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, რომელთა შორის, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ჩამოყალიბება „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ კანონპროექტის მომზადება უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა თინათინ კბილაშვილმა.

„ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ წინასწარი კანონპროექტის პრეზენტაცია ველური ბუნების სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა გააკეთა. კანონის განხორციელების შედეგად საქართველოში მოხდება ნადირ-ფრინველის პოპულაციებისა და ჰაბიტატის აღწერა, შეფასება და მუდმივმოქმედი მონიტორინგი, სახეობათა აღწერა, ისევე როგორც მათი გამრავლების დაგეგმვა და ხელშეწყობა, ევროპული ტიპის სამონადირეო მეურნეობების შექმნა, საქართველოს ტურისტული პროდუქტის დივერსიფიკაცია, სამუშაო ადგილების შექმნა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარება.

შეხვედრას, მთავრობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამონადირეო გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები