ევროკავშირი ფინეთ–რუსეთის საზღვარზე 50 მესაზღვრეს გაგზავნის
23/11/2023 20:04:05 მსოფლიო
ევროკავშირის სასაზღვრო სამსახურმა Frontex-მა განაცხადა, რომ 50 ოფიცერს გაგზავნის ფინეთში, რომელიც რუსეთიდან მიგრანტების ნაკადის წინაშე აღმოჩნდა.
Frontex ასევე ამბობს, რომ გაგზავნის ტექნიკას, როგორიცაა საპატრულო მანქანები, „ფინეთის სასაზღვრო კონტროლის გასაძლიერებლად“.
მოსალოდნელია, რომ ოფიცრები მომავალ კვირაში ჩავლეს.
„Frontex–ის მიერ ფინეთის მხარდაჭერა სცილდება ლოგისტიკას; ეს არის ევროკავშირის ერთიანი პოზიციის დემონსტრირება მის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებული ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ. ეს თანამშრომლობა გვიჩვენებს, რომ კომპლექსური სასაზღვრო გამოწვევების წინაშე მყოფი ევროპა გაერთიანებულია, რათა უზრუნველყოს რეალური ქმედებების მხარდაჭერა“, - თქვა Frontex-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს ლეუტენსმა.
ფინეთმა რუსეთთან არალეგალური მიგრაციის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, რომ ერთის გარდა ყველა სასაზღვრო პუნქტს დახურავს რუსეთთან საზღვარზე. ჰელსინკი თვლის, რომ რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობს მიგრანტების ფინეთის საზღვარზე გადასვლას. კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რამდენიმე ათასი უცხოელი ცდილობდა რუსეთიდან ფინეთში ჩასვლას საჭირო დოკუმენტების გარეშე. ესენი იყვნენ ერაყის, სირიის, იემენისა და თურქეთის მოქალაქეები. ადრე რუსეთის ხელისუფლება ასეთ მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებდა, მაგრამ შემდეგ ახსნა-განმარტების გარეშე შეცვალა პრაქტიკა.


