
სულაკაური: სანამ პოლიტიკური თანამდებობის პირების შვილები კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება
23/11/2023 18:02:57 საზოგადოება
"მწვანე სკოლის“ დამფუძნებელი ბაკურ სულაკაური ფიქრობს, რომ ვიდრე პოლიტიკური თანამდებობის პირების შვილები კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება“. ამის შესახებ მან BMGVTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა.
კერძო სკოლის მმართველი პარტნიორის აზრით, საჯარო სკოლებში სწავლის ხარისხის გაზრდისთვის, პირველ რიგში, საჭიროა, მთავრობას ხედვა გააჩნდეს.
"ვფიქრობ, უნდა არსებობდეს კონცეფცია, ხედვა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ბუნებრივია, შეიძლება, მეც და სხვასაც გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ პირველ რიგში, ხედვა უნდა ჰქონდეს მთავრობას... სანამ მთავრობის წევრების, პოლიტიკური თანამდებობის შვილები, უკლებლივ, კერძო სკოლებში სწავლობენ, საჯარო სკოლები არ განვითარდება"– თქვა სულაკაურმა.
ის იზიარებს შენიშვნას, რომ მხოლოდ თანამდებობის პირების შვილების საჯარო სკოლებში შეყვანა ვერ გაზრდის სკოლების ხარისხს, მაგრამ ვარაუდობს, რომ "შეიძლება ვიღაცამ იმაზეც იფიქროს, რომ საჯარო სკოლებსაც უნდა მიხედვა. მით უმეტეს, რომ საჯარო სკოლებში ძალიან ბევრი კარგი მასწავლებელია, მაგრამ იმის გამო, რომ თვითონ ეს სისტემა არის არეული, ამ მასწავლებლების მუშაობის შედეგი მკაფიოდ არ ჩანს და ამ საერთო ორომტრიალში იკარგება".