
კრემლი იმედოვნებს, რომ ერევანი არ იცვლის საგარეო ვექტორს
23/11/2023 17:36:47 კავკასია
კრემლი იმედოვნებს, რომ ოფიციალური ერევანი არ იცვლის საგარეო ვექტორს და კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის ფარგლებში სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"სომხეთი რჩება ჩვენ მოკავშირედ სტრატეგიულ პარტნიორად, როგორც ორმხრივი ურთიერთობების, ასევე მრავალმხრივი ფორმატების ფარგლებში. გავაგრძელებთ მათთან საუბარს",- განაცხადა პესკოვმა მინსკში კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის შემდეგ, რომელსაც პირველად არ დაესწრო ნიკოლ ფაშინიანი.
მანამდე ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სომხეთის არდასწრება “დემარშად” შეაფასა.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ალეინიკმა აღიარა, რომ სომხეთის არმონაწილეობის გამო არსებობს გადაწყვეტილებების დამტკიცების კვორუმის პრობლემა. მაგრამ ბელარუსმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სომხეთის დელეგაციის არდასწრების მიუხედავად, დამტკიცებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმური იქნება.
"შევთანხმდით, რომ სამიტის შემდეგ ორგანიზაციის გენერალური მდივანი ერევანს ეწვევა. და, რა თქმა უნდა, შემთანხმებელი კომისიის ფარგლებში აქ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას გადავცემთ ჩვენს სომეხ პარტნიორებს. და იმედი გვაქვს, რომ ისინი შემოგვიერთდებიან", - განმარტა სერგეი ალეინიკმა.
20 ნოემბერს ОДКБ–ს გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა მინსკში ბელარუსის ავტორისარ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სომხეთმა სთხოვა ОДКБ–ს, დღის წესრიგიდან ამოეღო "მისი მხარდაჭერის" შესახებ დოკუმენტი:
„სომხურ მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სხვა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, არ გამოუხატავს არანაირი ინტერესი ამ დოკუმენტის მიმართ. მეტიც, სამუშაოს დასასრულს მისი დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს“.
სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად, თუმცა უარი თქვა მთელ რიგ აქტივობებში მონაწილეობაზე. მაგალითად, უარი თქვა ორგანიზაციის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს. მან ღიად გააკრიტიკა ორგანიზაცია არაეფექტურობისთვის.