
18-მეტრიანი ავტობუსები გლდანში, დიღომში, ვაკესა და ორთაჭალაში ივლიან
22/11/2023 10:48:12 საზოგადოება
მომავალი წლიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები 12-მეტრიან ავტობუსებს ოთხ მარშრუტზე ჩაანაცვლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ შემდეგ ხაზებზე:
- N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს; ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე; რუსთაველის გამზირს; ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
- N302 (მაღლივი კორპუსიდან დიდ დიღომამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, აღმაშენებლის ხეივანს;
- N308 (გლდანიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - გაივლის მეტროსადგურებს: ახმეტელის თეატრი, სარაჯიშვილი, გურამიშვილი, ღრმაღელე, დიდუბე, წერეთელი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი;
- N314 (დიდი დიღმიდან კოლმეურნეობის მოედნამდე) - დიდი დიღმის მიკროებს; აღმაშენებლის ხეივანს; თბილისის საქალაქო სასამართლოს; ზურაბ ჟვანიას მოედანს; თბილისის მერიას; ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. კონტრაქტი დაიდო შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და „თეგეტა მოტორსს“ შორის. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი ჯდება, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.
კახა კალაძემ 18-მეტრიანი ავტობუსების თბილისის სატრანსპორტო ხაზებზე დამატების პირობა 5 წლის წინ დადო, მერად პირველი ვადით არჩევიდან 1 წლისთავზე, "გარემოსდაცვითი ხედვის" პრეზენტაციისას. სწორედ 18-მეტრიანი ავტობუსებითა და მათთვის განკუთვნილი ე.წ. სწრაფი დერეფნებით ჰპირდება მერიის სატრანსპორტო სამსახური ქალაქის მოსახლეობას თბილისში მგზავრთა გადაყვანის პრობლემების მოგვარებას.