ვინ დაესხა თავს რუსეთის უშიშროებას

20-12-2019 12:10:07 თვალსაზრისი ,ანალიზი

წუხელ ლუბიანკაზე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ცენტრალურ ოფისზე თავდასხმა სავარაუდოდ, მოსკოვის ოლქის 39 წლის მკვიდრმა ევგენი მანიუროვმა განახორციელა, იუწყებიან РЕН ТВ და Baza. «Коммерсант»-ის ცნობით, მამაკაცმა ჯერ კუზნეცკის ხიდზე მდებარე ФСБ-ს მისაღებში სცადა შეღწევა, ხოლო შემდეგ უწყების ცენტრალური შენობისკენ გაიქცა.

ვინ გახსნა ცეცხლი

РЕН ТВ-ს მონაცემებით, მანიუროვი თავის დროზე რუსეთის სამართლის აკადემიაში სწავლობდა და ბოლო წლებში დაცვის კერძო კომპანიებში მუშაობდა. ამასთან, Baza-ს ცნობით, ამ კომპანიებიდან ერთ-ერთის -"Вымпел-резерв"-ის დამფუძნებლები კავშირში არიან სპეცდანიშნულების ჯგუფ "Вымпел"-ის ვეტერანებთან.

როგორც Baza-მ დაადგინა, მამაკაცი დედასთან ერთად პოდოლსკში ცხოვრობდა და სამსახურიდან რამდენიმე თვის წინ წამოვიდა, რის შემდეგაც სისტემატიურად  ეკონტაქტებოდა ტელეფონით "ვიღაც არაბებს" და მათ ინგლისურად ესაუბრებოდა, რომელიც დედას არ ესმის. 

დედამ ისიც თქვა, რომ მისი ვაჟი “კაგებეშნიკებს” [უშიშროების თანამშრომლებს] ვერ იტანდა".

ქალმა უამბო გამოცემას ისიც, რომ მისი ვაჟი სროლით იყო გატაცებული, 3-4 წლის განმავლობაში ვარჯიშობდა, თუმცა “არავითარი პარალელები არ ყოფილა, - ეს მხოლოდ ჰობი იყო”.



მანიუროვის გვარი იძებნება “რუსეთის არმიის ნებაყოფლობითი მხარდაჭერის” (ДОСААФ) მსროლელთა სპორტკლუბის საიტზე, მას შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილებიც ჰქონია დაკავებული. 

როგორც «Комсомольская правда»-ს ДОСААФ-ის მწვრთნელმა ოლეგ სოლოვიჩმა უამბო, მანიუროვი კლუბში სამი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა. «ცუდად ისროდა. სამი თვე ამის გამოსასწორებლად არასაკმარისია, რამდენიმე წელია საჭირო. ისე კი, მის ქცევაში უცნაური არაფერი შეგვიმჩნევია», - აღნიშნა მან.

ამასთანავე, როგორც "База"-მ დაადგინა, ინციდენტამდე ერთი თვით არე მანიუროვმა საქალაქო ტურნირში მიიღო მონაწილეობა და მესამე ადგილი დაიკავა.

დედის ინფორმაციით, მის ვაჟს ჯარში არ უმსახურია, არ ჰყავდა ახლო მეგობრები, არ იყო დაოჯახებული, ბოლოს კი “გარკვეული აღგზნებადობა” ეტყობოდა.

ჩხრეკა

РЕН ТВ-ს ცნობით, ამჟამად მანიუროვის ბინაში ჩხრეკა ტარდება. როგორც КП-ს საგამოძიებო ჯგუფის წევრმა უამბო, სავარაუდო მსხროლელის საცხოვრებელ მისამართზე 7 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღია რეგისტრირებული, ამ დროისთვის ამოღებულია 5: 2 ერთეული კარაბინი «Сайга», 2 გლუვლულიანი თოფი და ტრავმატული პისტოლეტი.

მოვლენათა ქრონოლოგია

მანიუროვს მუქი ფერის ტანისამოსი ეცვა, თან ჰქონდა ზურგჩანთა, შეიარაღებული იყო “კალაშნიკოვის” ტიპის მოდერნიზებული ავტომატით.

«Коммерсант»-ის მონაცემებით, 19 დეკემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 სთ-ზე მამაკაცი შეეცადა, კუზნეცკის ხიდზე მდებარე ФСБ-ს მისაღებში შეეღწია, თუმცა მიხვდა რა, რომ შესასვლელში იარაღითურთ კონტროლის სისტემას ვერ გადალახავდა, ლუბიანკისკენ გაიქცა, სადაც უწყების ცენტრალური ოფისია განთავსებული.

გზად მან რამდენჯერმე ესროლა საგზაო-საპატრულო სამსახურის ფორმიან ადამიანს, რომელიც ФСБ-ს სპეცკომენდატურის თანამშრომელი აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი მძიმედაა დაჭრილი. 

ამის შემდეგ მანიუროვმა ცეცხლი გაუხსნა ძალოვანებსა და გამვლელებს. იგი შენობის სიახლოვეს გაჩერებულ მანქანებსა და  შენობის ბოძებს შორის აფარებდა თავს.

საბოლოოდ მანიუროვი სნაიპერმა მოკლა.

თავდასხმის შემდეგ მალევე რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად, თავდამსხმელი სამი იყო, თუმცა ФСБ-ში ეს ინფორმაცია უარყვეს და დააზუსტეს, რომ თავდასხმა ერთმა პირმა განახორციელა.

თავდასხმის დროს ინციდენტის ადგილი გადაკეტეს, არ უშვებდნენ ქვეითებსა და ტრანსპორტს, ახლომდებარე კაფეების კლიენტებს ქუჩაში გასვლა აუკრძალეს, მოგვიანებით კი განხორციელდა მათი ევაკუაცია.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში, ФСБ-ს ობიექტებზე გეგმა «Крепость» (“ციხესიმაგრე”) შემოიღეს, რომელიც ავალდებულებს თანამშრომლებს, სამსახურებში დაბრუნდნენ, მიიღონიარაღი და ბრძანებას დაელოდონ. მოგვიანებით გეგმა გაუქმდა. პარალელურად დედაქალაქში გეგმა «Сирена» (“სირენა”) მოქმედებდა.

მსროლელის ლიკვიდაციის შემდეგ გადაკეტილი ზონა გააფართოვეს — როგორც შემდგომ გაირკვა, ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რომლის გაუვნებელყოფისათვის, «Коммерсант»-ის მონაცემებით,  რობოტი-სნაიპერი გამოიყენეს: მან ზურგჩანთას ჰიდროზარბაზნიდან ესროლა.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა აზუსტებს, “დიდი სიფრთხილით” წარმოებდა ლიკვიდირებულის ცხედრის დათვალიერებაც, ვინაიდან ეჭვობდნენ, რომ მასზეც ბომბი შეიძლებოდა, ყოფილიყო დამაგრებული.

შედეგები

სროლის შედეგად დაიღუპა ФСБ-ს ერთი თანამშრომელი, კიდევ 5 დაიჭრა.

თავდასხმა უშიშროების ორგანოების თანამშრომელთა პროფესიული დღის წინაპერიოდში განხორციელდა, რომელიც 20 დეკემბერს აღინიშნება. ლუბიანკაზე სროლის დროს კრემლში საზეიმო მიღება იმართებოდა პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობით. მისმა პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ პირს მიმდინარე მოვლენების შესახებ მოახსენეს.

თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფისა და იარაღის უკანონო ბრუნვის მუხლებით აღიძრა. «Коммерсант»-ის ინფორმაციით, მათ შეიძლება, შეემატოს მკვლელობის მცდელობის მუხლიც, რადგან თავდასხმის შედეგად რიგითი მოქალაქეც დაშავდა.

ტერორიზმის შესახებ მუხლი საქმეში ამ ეტაპზე არ ფიგურირებს, თუმცა როგორც «Коммерсант» წერს, ისიც შეიძლება, გაჩნდეს (როგორც წესი, რუსეთში მას მხოლოდ იშვიათ – უკიდურეს შემთხვევებში იყენებენ).

რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა გასცა ბრძანება, საქმე უწყების ცენტრალურ აპარატს გადაეცეს.



ახალი ამბები

სხვა სიახლეები