
ქარელის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა
22/11/2023 08:53:58 საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევის შედეგად მოკლულია 60 წლამდე ასაკის კაცი.
არსებული ინფორმაციით, სოფელ სამწევრისში მკვლელობა შემთხვევითი გასროლის შედეგად მოხდა. თანასოფლელების ინფორმაციით, ბრალდებულსა და დაღუპულს შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია, შემთხვევის დღეს, ერთი მათგანი სანადიროდ იმყოფებოდა, მეორე კი - სათევზაოდ. სანადიროდ მყოფი ასევე 60 წლამდე ასაკის კაცის მხრიდან შემთხვევითი გასროლისას მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად მეორე კაცი დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ბრალდებული დაკავებულია.
ბრალდებულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.