
ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის: ყაზბეგის მერმა ახალგაზრდა ადამიანის დაკრძალვაზე მისულ მოხევე კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იმის გამო, რომ ეს ადამიანი ღიად ეწინააღმდეგება „კამარა ჰესს“
21/11/2023 19:45:02 პოლიტიკა, საზოგადოება
"ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის" აცხადებს, რომ "ყაზბეგის მერმა ახალგაზრდა ადამიანის დაკრძალვაზე მისულ მოხევე კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იმის გამო, რომ ეს ადამიანი ღიად ეწინააღმდეგება „კამარა ჰესს“.
"დღეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, ახალგაზრდა ადამიანის დაკრძალვაზე სოფელ არშაში მისულ მოხევე კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იმის გამო, რომ ეს ადამიანი ღიად ეწინააღმდეგება „კამარა ჰესს“ და ეს დამოკიდებულება სოციალურ ქსელში საჯაროდ დააფიქსირა. დიახ, ხალხის მიერ არჩეულმა მერმა მიცვალებულის დაკრძალვაზე, ხალხის თვალწინ ჯერ საქმის გარჩევა მოინდომა (Facebook-ზე კამარა ჰესის წინააღმდეგ დაწერილი პოსტის გამო), ხოლო შემდეგ ჩაიდინა ეს სამარცხვინო საქციელი.
ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზბეგის მერი აქტიურად ლობირებს „კამარა ჰესის“ პროექტს და მისი დავალებით ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც. აქამდე ჩვენი საინიციატივო ჯგუფი თავს იკავებდა კონკრეტული პირების დასახელებისგან, მაგრამ ის რაც დღეს მოხდა ყოველგვარ ზღვარს სცდება და თანამდებობის პირის უღირსობასთან ერთად მთელი ხევის შეურაცხყოფაცაა. ამასთან, დავრწმუნდით, რომ სიმართლეა ის ისტორიები, რომელსაც ადგილობრივები აქამდე პირად საუბარში ყვებოდნენ, თუ როგორ აიძულებს მერი „კამარა ჰესის“ მხარდაჭერას, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრება.
მიგვაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი არის მთელი ხევის შეურაცხყოფა, რომ ვინც კი გაბედავს და ღიად დაუპირისპირდება ამ პროექტს და მათ ინტერესებს, ყველას მსგავსი ფორმებით გაუსწორდებიან. ჩვენს საინიციატივო ჯგუფს მიაჩნია, რომ მომხდარი ფაქტი არ არის დასამალი და ხევმა უნდა იცოდეს თუ ვისთან და რასთან აქვს საქმე.
ამასთან, როგორც დღევანდელ ფაქტზე, ისე ბოლო პერიოდის მოვლენებზე მოსახლეობის ერთადერთი სწორი პასუხი იქნება აქტიურობა და პოზიციის ღიად დაფიქსირება, რომ ხევი არ იყიდება და არც ვინმეს მუქარის ეშინია. მოვუწოდებთ ხევის მოსახლეობას, ვინც კი შეძლებს ყველა მოვიდეს 27-28 ნოემბერს დანიშნულ „კამარა ჰესის“ საჯარო განხილვებზე", – ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით, ყაზბეგის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა განაცხადა, რომ "აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სხვა მიზანს ემსახურება".
“მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში და მედიაში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას მხარი დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ვემუქრები. ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ხელით შევეხე მოქალაქეს, არის ტყუილი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. აღნიშნული მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას. აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან", - ნათქვამია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერის ოფიციალურ ფეისბუქ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.