
კალაძე – კვარაცხელიაზე: ფეხბურთში ყველაფერი ხდება
22/11/2023 08:09:27 საზოგადოება
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება. ამის შესახებ მერმა მედიასთან ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია მომავალ მატჩში ვერ ითამაშებს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ეს შეხვედრა გამარჯვებით დაასრულონ.
„ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იმიტომ არის სპორტის ეს სახეობა საინტერესო, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, კვარაცხელია დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის. ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა, ფეხბურთს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არ თამაშობს. მინდორზე 11 კაცი გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია ნაკრებს ვერ დაეხმარება, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ. მინდა, გულწრფელად გამარჯვება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, შედეგიც იქნება. მართლაც ვიმსახურებთ ამ ნახევარფინალის მოგებას, რადგან კარგ თამაშს ვაჩვენებთ, კარგი გუნდი გვყავს, ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მანამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა მარტში გასამართ პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციის შესახებ.
მისი თქმით, „კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა“, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ბოდიშს იხდის.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის. წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ“, – განაცხადა, "საზოგადოერივი მაუწყებლის" ცნობით, ალექსანდრე იაშვილმა.
19 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებთან შეხვედრაზე ხვიჩა კვარაცელიამ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო. აღმოჩნდა, რომ უეფას რეგლამენტის მიხედვით, ეს შემდეგ მატჩში დისკვალიფიკაციას გულისხმობს.