
"ფლანგვის დეტექტორი": ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით სრულიად უფასოდ გადაუფორმეს
21/11/2023 19:04:40 საზოგადოება
"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, "საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება 50 წლით სრულიად უფასოდ გადაუფორმეს".
ორგანიზაციის ცნობით, "2020 წელს პარლამენტარმა სპორტსმენმა ვიქტორ სანიკიძემ კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია დააარსა".
"დაარსებიდან 9 თვეში და სანიკიძის პარლამენტარობიდან 5 თვეში კომპანიამ სახელმწიფოსგან სპორტული კომპლექსი უფასოდ მიიღო. კომპანიას 50 წლით გადასცეს 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობა. შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს", – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.