რას ითვალისწინებს „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმა
22/11/2023 07:01:08 პოლიტიკა
"დეოლიგარქიზაციის" შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შემუშავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს და განსაზღვრავს სისტემური მიდგომისთვის საჭირო ღონისძიებათა ფარგლებს.
რას ითვალისწინებს „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმა
დოკუმენტი 7 მიმართულებით ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას, ესენია:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება.)
საქართველოში არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის საჭირო ერთ-ერთი რეკომენდაციის საფუძველზე შეიქმნა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, იგეგმება მისი შესაძლებლობების გაძლიერება.
"ანტიკორუფციული ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც, მათ შორის, გულისხმობს ყოველწლიურ ანგარიშგებას... ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის არქიტექტურა", -ნათქვამია დოკუმენტში.
- საჯარო შესყიდვები („საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის და ამ სფეროში ანგარიშვალდებულების შენარჩუნება“).
საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს და მცირედი გამონაკლისების გარდა, 2010 წლიდან ყველა დოკუმენტი ხელმისაწვდომია ონლაინ, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. სამოქმედო გეგმაში წერია, რომ 2023 წელს პარლამენტში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კი ქვეყნას "ეტაპობრივ დაახლოებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან".
მთავრობა გეგმავს შესყიდვების ელექტრონული სისტემის განახლებას და ამით გამჭვირვალობის, მრავალფეროვნებისა და მიუკერძოებლობის გაზრდას.
- კონკურენციის პოლიტიკა („ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია“).
მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - "კონკურენციის სააგენტო", რომელსაც კანონი მოკვლევის ჩატარებისა და ჯარიმების დაკისრების შესაძლებლობას აძლევს. ამავდროულად, მთავრობა აცხადებს, რომ სამომავლო მიზანია კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და კონკურენციის სააგენტოს ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაუმჯობესება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
- მართლმსაჯულება.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოში "მოსამართლეთა კეთილსინდისიერებასთან, დამოუკიდებლობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებით სასამართლო რეფორმები" განხორცირელდა, შეიცვალნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (ვინც მოსამართლეებს ნიშნავს) წევრები.
მართლმსაჯულება არის საკითხი, რომლის გამოც საქართველოს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ. მაგალითად, საქართველოს მთავამა პარტნიორმა - აშშ-მ 5 აპრილს სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთი ყოფილ მოსამართლესა და მათ ოჯახებს. სანქცია დაუწესეს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე).
- ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა („ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, იურიდიული პირების და ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი წვდომა, MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად “).
ფულის გათეთრებასათან დაკავშირებით საქართველოში მოქმედებს სპეციალური კანონი - "ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ". მთავრობა აღნიშნავს, რომ დამატებით ითვალისწინებენ MONEYVAL-ის (ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტი) რეკომენდაციებს.
"შემდეგი ნაბიჯები არის გათვალისწინებული პასუხისმგებელი სახელმწიფო დაწესებულებების ეფექტური კოორდინაციისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული სისტემის კიდევ უფრო გასამკაცრებლად, კანონისგან თავის დაღწევის პოტენციური საშუალებების აღმოსაფხვრელად და ღიაობის და საჯარო ანგარიშვალდებულების გასაზრდელად. ეს უზრუნველყოფს ფარული ინტერესების, აქტორებისა და რესურსების მონაწილეობის პრევენციას საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში და ასევე ჩამოაყალიბებს ამგვარი რისკების მიმართ უფრო მედეგ სისტემას", - ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობა ეროვნულ სტრატეგიაში პრიორიტეტულ საკითხებს შორის გამოყოფს "ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შემდგომი ეფექტიანობის უზრუნველყოფას".
- პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
პარტიების ფინანსების მონიტორინგის საკითხი აუდიტის სამსახურიდან ანტიკორუფციულ ბიუროში გადავიდა. მთავრობა გეგმავს პოლიტიკური პარტიებს კიდევ უფრო დაუწიოს ხარჯებისთვის განსაზღვრული ზედა ზღვარი. გარდა ამისა, კომპანიებს (იურიდიულ პირებს) აეკრძალოთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება.
ბოლო ორი წელია, პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში კომპანიები იშვიათად წირავენ ფულს. 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების წელს, ამ გზით შემოსავლები მიღებული აქვთ როგორც სახელისუფლებო პარტია "ქართულ ოცნებას", ასევე რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის – "ნაციონალურ მოძრაობას", "ლელოს".
- მედია („მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება“).
საქართველოს კანონმდებლობით მაუწყებლობის უფლების მქონე მედიასაშუალებების მფლობელები გამჭვირვალეა და მათ ვალდებულება აქვთ შემოსავლების შესახებ ინფორმაციას წარუდგენენ კომუნიკაციების კომისიას. მედიამფლობელობასთან დაკავშირებით არსებობს რიგი შეზღუდვები საქართველოს კანონმდებლობაში - ტელევიზია არ უნდა ეკუთვნოდეს პოლიტიკურ პარტიას ანდა პარტიის თანამდებობის პირს. პარლამენტის წევთან დაკავშირებით მსგავსი შეზღუდვა არ არსებობს.
ამავდროულად, საქართველოში არსებობს ტელევიზია - POS TV, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ვიქტორ ჯაფარიძეს ეკუთვნის. ჯაფარიძე ჯერ პარლამენტის დეპუტატი გახდა და შემდეგ იყიდა ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტი, თუმცა წილების გადაფორმების დროს პრობლემები არ შექმნია.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ სამოქმედო გეგმაში აღიარებულია პოტენციური პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ხასიათი, რაც იძლევა სამართლის სხვადასხვა სფეროსა და ამ სფეროების საქმიანობის განმახორციელებელ უწყებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარების შესაძლებლობას.
„უფრო მეტი ეფექტიანობისთვის, ის ასევე საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ფოკუსირება მოახდინონ საკუთარ რესურსებზე და მიმართონ ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი სფეროებისკენ. ქმედებები, რომლებიც მიმართულია ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებისკენ, ისეთი ქმედებებია, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქიასთან დაკავშირებულ ფენომენთა იდენტიფიცირებას, მათთან დაპირისპირებას და პრევენციას. პირველი კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია შესაბამისი ორგანოების ინსტიტუციური სტრუქტურისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დამოუკიდებლად, საიმედოდ, კოორდინირებულად და პროფესიონალურად. მეორე კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია აქტივობებზე, რომლებიც პირებს ან პირთა ჯგუფებს ხელს უშლის და/ან ზღუდავს საკუთარი სარგებლობისთვის/ბოროტად გამოიყენონ გადაჭარბებული უფლებამოსილება ან თავიდან აიცილონ ასეთი უფლებამოსილების კონცენტრაცია საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის, შესყიდვების, მედიის, არჩევნების და სხვა სფეროებში პროცესების მეტ სიჯანსაღეს და სიძლიერეს, უფრო მეტ საიმედოობას, სადაც გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები; ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების არჩევანისა და ინტერესების უკეთესად ასახვას. სხვა კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა სისტემა იყოს უფრო ინკლუზიური და ადაპტირებადი და ამავდროულად რჩებოდეს დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემდეგი შვიდი სფეროს ყოველი აქტივობა ხელს უწყობს განმახორციელებელი უწყების გაძლიერების ერთ ან რამდენიმე ამოცანას; არსებული კანონმდებლობის დახვეწას; სფეროს უკეთ რეგულირებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ან სისტემის სხვაგვარად გაძლიერებას, რათა მოხდეს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება”, - აღნიშნულია დოკუმენტში.


