
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები უკრაინისთვის რაკეტების მიწოდების შესახებ
21/11/2023 12:23:20 კავკასია
სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ უარყო არაერთი უცხოური და სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი უკრაინას რაკეტებს მიაწოდებს.
„თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს სფეროსთან დაკავშირებულ პუბლიკაციებს, კომენტარს აკეთებს ან პასუხობს მათ საჭიროებისამებრ და სათანადოდ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, სომხურ მედიას, არ გაავრცელონ პროპაგანდისტების ცრუ ცნობები“, - განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა არამ ტოროსიანმა.
ცნობა იმის შესახებ, რომ სომხეთის ხელისუფლება დაჰპირდა უკრაინას რუსული ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის Tochka-U-ს გადაცემას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული ტელეგრამ–არხმა Rybar-მა გაავრცელა.
ოქტომბრის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გრანადაში ევროპის პოლიტიკური სამიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.
ოქტომბრის ბოლოს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი ერმაკს შეხვდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრა იყო „დემონსტრაციული ანტირუსული ნაბიჯი“. "სომხეთის ხელმძღვანელობა ანადგურებს მოსკოვსა და ერევანს შორის მეგობრულ ურთიერთობებს", განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.