კლაარი: მიმდინარეობს მზადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის
21/11/2023 06:37:07 პოლიტიკა
სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება დეკემბრის დასაწყისში დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის.
როგორც კლაარი სოციალურ ქსელში წერს, ამ მიზნით იგი დღეს თბილისს ეწვია,მოგვიანებით კი ოკუპირებულ რეგიონებში ჩავა.
"შეხვედრებს გავმართავ დღეს ცხინვალში და ხვალ სოხუმში", – წერს კლაარი.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად შექმნილი ფორმატია. თავიდან ის წელიწადში ოთხჯერ ტარდებოდა, თუმცა პერიოდულობა სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ დაირღვა.
საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში ჩართული არიან ოკუპირებული ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები. შეხვედრებში მონაწილეობს აშშ, ხოლო პროცესის თანათავმჯდომარეები ევროკავშირი, ეუთო და გაერო არიან.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში - ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე სხვა ჰუმანიტარულ პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).


