Accentnews.ge
სააკაშვილი: ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში

სააკაშვილი: ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში

20/11/2023 08:56:23 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალება შეუძლია.

"მინდა, სალომე ზურაბიშვილს მივულოცო, რომ მან ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა ერთ-ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. ამავე დროს, Le Monde-ი თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა შეწყალების უფლება. ამისკენ მოუწოდებდა მას, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს მეთაური, რომელსაც ის, ბოლო თვეების განმავლობაში, შეხვდა. არ მინდა განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან, სხვა ლიდერებისგან, ვინც ამისკენ მოუწოდებს, ქალბატონ სალომეს რაიმე მოვთხოვო. იგი ამბობს, რომ მე ვამბობ, რომ ვარ უკეთესად ფიზიკურად. რა თქმა უნდა, სულიერად უფრო მხნედ ვარ, ფიზიკურად კი, სამწუხაროდ, ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ უკეთესად ვარ. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იძახის, რომ მე უცხოეთში გამგზავრების სურვილი აღარ მაქვს. საქმე იმაშია, რომ ეს ჩემ სურვილზე დამოკიდებული არ არის. სამწუხაროდ, ჩემ რეაბილიტაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა სჭირდება, ეს ასეა და, რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემ შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში. [...] გამბედაობა არ გაკლიათ და შეგიძლიათ აქტური ქმედებების განხორციელებაც, თუ მოინდომებთ. [...] გაქვთ ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერაც”, –განაცხადა სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს.

პრეზიდენტს სააკაშვილი შეწყალების თხოვნით, მათ შორის არაერთმა ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსმა მიმართა.

ცნობისთვის: სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ნათქვამი აქვს, რომ "არა და არასდროს" შეიწყალებს მას. მოგვიანებით, პრეზიდენტმა ეს პასუხი განმარტა და თქვა, რომ არ სურს, ქვეყანაში დეპოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყოს ხელი. მასვე ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილისთვის "ელექტრონული სამაჯურის" გაკეთების ინიციატივა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

ადვოკატებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს - მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ სააკაშვილის უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს, თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S