
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: "რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, რომ მათ აფხაზეთი როგორმე აღიარებინოს"
19/12/2019 08:54:15 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის განცხადებით, რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, რომ გარკვეულ ქვეყნებს აფხაზეთი როგორმე აღიარებინოს. ამის შესახებ ხვთისიაშვილმა თბილისში მიმდინარე „ელჩების კონფერენციაზე" განაცხადა.
"დღევანდელ დღეს ჩვენ გვაქვს სამი პანელი: ერთი ეძღვნება აფრიკულ ქვეყნებთან თანამშრომლობას, მეორე - ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობას და მესამე დიდი პანელი იქნება აზიისა და წყნარი ოკეანეთის მიმართულებით ქვეყნებთან თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის დღის წესრიგში, პირველ რიგში, დგას არაღიარების საკითხი. იცით თქვენ, რომ რუსეთი აქტიურად თანამშრომლობს აზიის, აფრიკისა და წყნარი ოკეანეთის ქვეყნებთან, რომ რამენაირად აღიარებინოს გარკვეულ ქვეყნებს აფხაზეთი, რამენაირად ჩაიყვანოს აფხაზური დელეგაციები ამ ქვეყნებში და უფრო მეტი კონტაქტები ჰქონდეს. შესაბამისად, ჩვენი სამუშაოც ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ვმუშაობთ ამ ქვეყნებთან, ყველასთან, რომ ასეთი ფაქტების პრევენცია მოვახდინოთ. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფრო მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს. აფრიკის კონტინენტზე, რომელიც ამ მიმართულებით საფრთხეს წარმოადგენს, 2019 წლის განმავლობაში 5 ქვეყანასთან გვქონდა პოლიტიკური კონსულტაციები. ზუსტად ამ მიზანს ემსახურებოდა, რომ არაღიარების მიმართულებით პრევენცია გაგვეკეთებინა და გვესაუბრა ამ ქვეყნებთან რა თანამშრომლობა შეგვიძლია გაგვევითარებინა მათთან", - განაცხადა ხვთისიაშვილმა.