Accentnews.ge
შს მინისტრის მოადგილე: “15 დეკემბრის ბრიფინგზე გავაჟღერე ის ინფორმაცია, რაც იმ ეტაპზე გვქონდა"

შს მინისტრის მოადგილე: “15 დეკემბრის ბრიფინგზე გავაჟღერე ის ინფორმაცია, რაც იმ ეტაპზე გვქონდა"

19/12/2019 11:15:51 სხვა, სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, 15 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ის ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რაც უწყებას იმ ეტაპზე ჰქონდა. 

საუბარია პრეს–კონფერენციაზე, რომლის დროსაც შს მინისტრის მოადგილემ 15 წლის მოზარდზე პოლიციის მხრიდან ზეწოლა უარყო. 

"რაც შეეხება ჩემს განცხადებას, აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მოხდა იმ ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, რაც მაშინ მქონდა და არა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე, რაც შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ იქნა მოძიებული. ჩვეულებრივი მოვლენაა  ის, რომ დასაწყისში ინფორმაცია განსხვავდება იმისგან, რაც  გამოძიების შემდეგ შეიძლება, გამოიკვეთოს. იქედან გამომდინარე, რომ სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, რაიმე სახის მტკიცებით ფორმატში განცხადება ლოგიკურია, მას შემდეგ იქნება გაჟღერებული, როცა სახელმწიფო ინსპექტორი საზოგადოებაში არსებულ სრულად ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ბრიფინგის გამართვისას ნათლად და მკვეთრად განვაცხადეთ, რომ სამინისტრო აბსოლუტურად ღია იყო. მოსამართლის განჩინების საფუძველზე როცა მოგვმართა ინსპექტორმა, ჩანაწერები დაუყონებლივ გადავუგზავნეთ. აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა არის უმთავრესი მიზანი. მნიშვნელოვანია, ინტერპრეტირება არასწორად არ მოხდეს საზოგადოებაში და მტკიცებით ფორმაში იმ საკითხების გავრცელება, რაც ბრიფინგზე რეალურად არ ყოფილა. ჩვენი მხრიდან ბრიფინგის გამართვისას იმ ინფორმაციის გაჟღერება მოხდა, რაც იმ ეტაპზე გვქონდა. დღევანდელი რეალობა რომ შეცვლილია, ეს არის ძალიან ობიექტური მოვლენა იქედან გამომდინარე, რომ მოხდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება, სხვა სურათის გამოკვეთა“, – განაცხადა ცაციაშვილმა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ მისი განცხადების არასწორად ინტერპრეტირება მოხდა:

„უხერხულობას მიქმნის სპეკულაციები და ბრიფინგის არასწორი ინტერპრეტირება. შეგიძლიათ, ჩემი ბრიფინგი დეტალურად ნახოთ და იხილავთ, რომ იქ იყო ხაზგასმა იმის, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გარემოება არ დასტურდება, თუმცა განმარტება იყო, რომ გამოძიება მომდინარეობდა ინსპექტორის სამსახურში, ყველა კითხვას პასუხი ინსპექტორის მიერ გაეცემოდა".

შინაგან საქმეთა სამინისტროში 15 წლის მოზარდის საქმეზე  ბრიფინგი 15 დეკემბერს გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებაში მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ განხორციელებულა.

ცნობისთვის: "მწვანე სკოლის" ყოფილი მოსწავლე, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. იგი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა, კერძოდ, მოზარდს“მწვანე სკოლის“ შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების („ამ ცხოვრების დედაც“) საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში რამდენიმე საათი ჰკითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.  

„მწვანე სკოლის“ მოწაფე ლუკა სირაძე სხვა სკოლაში სექტემბერში გადაიყვანეს, მანამდე ის რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან სწავლობდა.  

გამოკითხვას მოზარდის დედაც ესწრებოდა, თუმცა, საია-ს ინფორმაციით, გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი პოლიციის თანამშრომლებთან მარტო დარჩა. 

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სს კოდექსისის 115–ე მუხლით აწარმოებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით დაიწყო, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. მოზარდის გარდაცვალების შემდეგ ამ საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს და 2 სამართალდამცველს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S