Accentnews.ge
ისრაელის არმია: ღაზაში ოპერაციის ახალ ეტაპს ვიწყებთ

ისრაელის არმია: ღაზაში ოპერაციის ახალ ეტაპს ვიწყებთ

17/11/2023 05:30:28 მსოფლიო

ისრაელის არმიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილს სრულად აკონტროლებენ. მისი ინფორმაციით, ღაზაში ოპერაციის ახალ ეტაპს იწყებენ.

არმიის პრეს–მდივნის, ადმირალ დანიელ ჰაგარის ინფორმაციით, ბოლო დღეებში დარტყმები განახორციელეს ორ მიწისქვეშა ობიექტზე, სადაც იმალებოდნენ „ჰამასის“ რამდენიმე სამხედრო მეთაური და უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. მათ შორის ჰაგარიმ დაასახელა ჩრდილოეთ ღაზას ბრიგადის და სარაკეტო ბრიგადის მეთაურები. რაც შეეხება დარტყმების შედეგებს, ჰაგარის თქმით, ორივე ობიექტი მნიშვნელოვნად დააზიანეს.

ისრაელის არმიის ცნობით, ღაზას საავადმყოფოს, ალ-შიფის ტერიტორიაზე აღმოჩენილია „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი და იარაღის საწყობი. 16 ნოემბერს, ისრაელის არმიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც მისი ინფორმაციით, ასახავს საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა გვირაბის შესასვლელს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მისმა სამხედროებმა ღაზას უდიდესი საავადმყოფოს ტერიტორიაზე ოპერაცია 15 ნოემბერს დაიწყეს დაზვერვის მონაცემების საფუძველზე, რომ ალ-შიფის კომპლექსის ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო ცენტრი მდებარეობს. ამ ობიექტის არსებობას ადასტურებს ამერიკული დაზვერვაც.

შეერთებული შტატების და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე სამეთაურო ცენტრის არსებობას უარყოფს და ისრაელს ბრალს სდებს სიცრუის გავრცელებასა და ალ-შიფაში მყოფი პაციენტების, სამედიცინო პერსონალის და სხვა სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ალ-შიფაში მისი ოპერაციის სამიზნეა მხოლოდ „ჰამასის“ ობიექტები და არ ეხება კლინიკაში მყოფ პაციენტებს, სამედიცინო პერსონალს და სხვა სამოქალაქო პირებს.

საავადმყოფოს დირექტორმა მოჰამად აბუ სალმიამ ისრაელის არმიის სამხედროები დაადანაშაულა კლინიკის ბლოკირებაში, საბოტაჟსა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაში. მან 16 ნოემბერს ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“ განუცხადა, რომ უმძიმეს პირობებში ჰყავთ 650-ზე მეტი დაჭრილი, 36 დღენაკლული ჩვილი და 5000 დევნილი, რომლებმაც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გამო თავი საავადმყოფოს შეაფარეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის შეფასებით, ისრაელის მიერ გამოქვეყნებული ვიზუალური მასალა, რომელიც სამხედროების თანახმად, ასახავს ალ-შიფაში აღმოჩენილ იარაღს, არ არის საკმარისი საფუძველი, რომ საავადმყოფოს წაერთვას ომის კანონებით დაცული ობიექტის სტატუსი.

ისრაელის განცხადება ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, ნიშნავს შეტევას სამხრეთზე, სადაც ჩრდილოეთიდან იძულებით გადაადგილებული ასეულობით ათასი პალესტინელიც იმყოფება. საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ღაზას სექტორის სამხრეთისკენ ისრაელის არმიის გადაადგილება კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციას.

ცნობისთვის: ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".

7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S