ვენეციის კომისია საქართველოსთვის მთავარ საკითხებად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს ასახელებს
16/11/2023 17:34:14 პოლიტიკა
ვენეციის კომისიის წარმომადგენლები გამართული მაღალი რანგის შეხვედრების შემდეგ საქართველოს წინაშე ორ ძირითად ამოცანას აყენებენ – საარჩევნო და სასამართლო რეფორმები.
ვენეციის კომისიის მდივანმა სიმონა გრანატა-მენჯინიმ აღნიშნულის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„შეიძლება ითქვას, ზოგადად და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, საზოგადოების ყველაზე ფართო წრეებთან კონსენსუსის, შეთანხმების მიღწევა. ეს ეხება მთავარ საკითხებს - საარჩევნო რეფორმას და სასამართლო რეფორმას. საუბარი არის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ, მონაწილე მხარესთან იყოს ჩართულობითი და იყოს, რაც შეიძლება ფართო კონსულტაციები. კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებს შორის კარგი, ნორმალური თანამშრომლობა. ეს პრაქტიკაში რთული მისაღწევია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი".
მისი თქმით, ძირითადი გახლავთ საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ასევე, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებული მხარის ჩართვა ამ პროცესში.
ვენეციის კომისიის წევრის ეირიკ ჰოლმოვიკის თქმით, როდესაც საუბარია განსაკუთრებით სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე, რეკომენდაცია არის ის, რომ ეს რეფორმები ხელისუფლებამ განიხილოს მთლიანობაში, ერთ-ორი წესის ან გარკვეული პროცედურების შეცვლა საკმარისი არ არის.
ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საქართველოში შეხვდნენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას.


