Accentnews.ge
დავით ხიდაშელმა რაჭის ტყის პროექტი დატოვა

დავით ხიდაშელმა რაჭის ტყის პროექტი დატოვა

15/11/2023 14:17:28 საზოგადოება

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის. ამის შესახებ ინფორმაცია მან "აქცენტს" დაუდასტურა.

მისი თქმით, რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების, ასევე რეპუტაციის შელახვის გამო გაყიდა.

„ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს. გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

როგორც ბიზმესმენი აცხადებს, "დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირი არ არის":

„თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც "ქართულ ოცნებასთან" არ ვარ დაახლოებული”.

ცნობისთვის: ხიდაშელის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საპროტესტო აქციების ტალღა. კერძოდ, ოქტომბრის დასაწყისიდან უწყვეტად აპროტესტებდნენ რაჭის ტყეების გასხვისების ფაქტს. „რიონის ხეობის მცველები“ ითხოვდნენ, გაუქმებულიყო ლიცენზია, რომელიც კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ უფლებას აძლევდა 49 წლით დაესაკუთრებინა რაჭის ტყის 104 712 ჰექტარი.

2022 წელს სახელმწიფომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სარგებლობაში 1 151 832 ლარად გადასცა. სალიცენზიო პირობების თანახმად, ადგილზე სამოდანირეო მეურნეობა უნდა განვითარებულიყო.

2023 წლის 20 ივლისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" სამონადირეო მეურნეობის მოწყობის ლიცენზიით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას რაჭაში ტყის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.

ამასთან, დავით ხიდაშელი რუს ოლიგარქ ვლადიმირ ევტუშენკოვთან დაახლოებული პირია. უკრაინაში რუსეთის სრულმასტშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევტუშენკოვი ერთ-ერთი იყო, ვისაც ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა.

გარდა ამისა, დავით ხიდაშელი უკრაინას სანქცირებულთა სიაში ჰყავს.

ამავე თემაზე: TI – დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად, საქართველომ 2 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა. TI ასახელებს რამდენიმე გარემოებასაც, რომელიც, მისი ცნობით, "მიუთითებს, რომ ხიდაშელი რიგითი ბიზნესმენი არაა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S