
ფინანსთა მინისტრი: ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი
15/11/2023 14:07:08 ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია 50 მლნ ლარი.
როგორც მან განმარტა, თანხა მოხმარდება წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის მზადებას, რაც პორტის მშენებლობის სამი ძირითადი კომპონენტიდან ერთ-ერთია, რომლის დაფინანსების ვალდებულებასაც სახელმწიფო აიღებს.
„მიმდინარე წელს, წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, გამოვყავით 20 მილიონი ლარი და ჯამურად, მშენებლობის პროცესის დასაწყებად მიიმართება 70 მილიონი ლარი. ამასთან, უშუალოდ პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გამოცხადებულია საერთაშორისო კონკურსი და მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ქართული მხარის ვალდებულებაში მოიაზრება სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალის პორტამდე მიყვანა. ანაკლიის პორტის მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან დამატებითი თანხების გამოყოფა მოხდება პროექტის განვითარების და ინვესტორის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის: 2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ "ანაკლიის პორტის" აშენებაში სახელმწიფო ჩაერთვება და ინვესტორთან ერთად დაფუძნებულ კომპანიაში 51%-იანი წილი ექნება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში თქვა, ანაკლიაში პორტის აშენება შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს სურთ.