მამუკა მდინარაძე – ტყვედ ჩავარდნილ ქართველებზე: სამხედრო ტყვეზე სახელმწიფო ვერ რეაგირებს
15/11/2023 12:03:43 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ქართული მხარე ყველა ფორმატს გამოიყენებს რუსების მიერ ტყვედ აყვანილი ქართველების უფლებების დასაცავად, თუმცა როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს.
"პრეცედენტი აქამდე, როგორც მახსოვს, ჩვენ არ გვქონია ამგვარი და რთულ მდგომარეობაშია ამ დროს სახელმწიფო თავის პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უნდა გავყოთ ორად. როგორც სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით, ქართული სახელმწიფო ვერ მოქმედებს იმიტომ, რომ ის არ არის მხარე უშუალოდ ჩართული ამაში და არც უნდა იყოს და არც იქნება, შესაბამისად, სამხედრო ტყვეზე სახელმწიფო ვერ რეაგირებს. [...] მეორეს მხრივ, არსებობს სხვა ფორმატები, მაგალითად, "წითელი ჯვარი", შვეიცარიული ფორმატი იმიტომ, რომ ერთადერთი მედიატორი ოკუპანტ მხარესთან ჩვენ გყავს შვეიცარიის საელჩო და ეს ორი ძირითადი ფორმატი არსებობს საიმისოდ, რომ ამ ფორმატებში საქართველომ იზრუნოს თავის მოქალაქეზე. ამ შემთხვევაში ეს სტატუსები იყოფა ერთადერთი რამის გამო, რომ სამხედრო ტყვესთან დაკავშირებით ახორციელებს გარკვეულ მოქმედებებს უკრაინა, ის არის ომის მხარე და ის მოქმედებს ამასთან დაკავშირებით. როგორც მოქალაქეზე, საქართველოს შეუძლია, იზრუნოს ამ ფარგლებში და ამ ფორმატში – "წითელი ჯვარი", შვეიცარიის საელჩო, როგორც მოქალაქესთან დაკავშირებით თუკი რამე შესაძლებლობა იქნება, ამ შესაძლებლობას გამოიყენებს ბოლომდე ქართული სახელმწიფო თავის მოქალაქესთან მიმართებაში", - განაცხადა მდინარაძემ.
საკითხთან დაკავშირებით მსგავსი პოზიცია დააფიქსირა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. პარლამენტში ამ თემის კომენტირებისას კობახიძემ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
„გამომდინარე იქედან, რომ ეს ჩვენი ორი თანამოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ პირობებში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს. ერთადერთი, რაც შეიძლება, განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, კონსტიტუციური ვალდებულებაა, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. აქ ბერკეტია შვეიცარიის საელჩო, "წითელი ჯვარი" - ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგარეო უწყება ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ.
სამინისტროს ცნობით, ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის "წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას" და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად".
14 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა.


