საფრანგეთმა ბაშარ ალ-ასადის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერი გასცა
15/11/2023 12:23:37 მსოფლიო
საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის დაკავების საერთაშორისო ორდერი გასცა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით. როგორც AFP სასამართლო სისტემიდან წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ბრალდებები 2013 წელს სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას უკავშირდება.
წყაროს ცნობით, ასადი ასევე ეჭვმიტანილია ომის დანაშაულებში თანამონაწილეობაში. საუბარია 2013 წელს დამასკოსთან სირიის არმიის თავდასხმის დროს 1400 ადამიანის დაღუპვის საქმეზე.
გარდა ამისა, ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილები არიან პრეზიდენტის ძმა – ბრიგადის გენერალი მაჰერ ასადი და კიდევ ორი გენერალი. მათი დაკავების თაობაზე საერთაშორისო ორდერებია გაცემული.
პარიზის სასამართლოს განყოფილება, რომელიც სწავლობს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, სირიაში ქიმიური თავდასხმების საქმეს 2021 წლიდან განიხილავს. გამოძიება დაიწყო სირიის მედიაცენტრის (SCM) მიერ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად შეტანილი საჩივრის საფუძველზე.
სირიაში სამოქალაქო ომი 2012 წლიდან გრძელდება.


