
კადიროვის მოზარდი შვილი ჯილდოებს აგროვებს დაუცველი პატიმრის ცემის შემდეგ
15/11/2023 11:38:39 კავკასია
ჩეჩნეთის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის ვაჟმა, 15 წლის ადამმა უკვე მეშვიდე ჯილდო მიიღო მას შემდეგ, რაც დაუცველი პატიმარი აცემინეს. ამჯერად, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუფთმა დააჯილდოვა ის ორდენით „ისლამის მსახურებისთვის“. ამის შესახებ რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების მინისტრმა ახმედ დუდაევმა განაცხადა.
მისი თქმით, ცერემონიას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ყველა რეგიონის მუფტები, ასევე სხვა ქვეყნების რელიგიური მოღვაწეები. ორდენი მოზარდს გადაეცა "ისლამის განმტკიცებასა და მისი ღირებულებების დაცვაში მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის" - თქვა დუდაევმა.
ნოემბრის დასაწყისში კადიროვის სამ ვაჟს - ახმატს, ელისა და ადამს - ჩეჩნეთის პარლამენტის უმაღლესი ორდენი "დაიმეხკან სიი" გადაეცათ.
თხუთმეტი წლის ადამს, რომელიც მანამდე დაინიშნა ჩეჩნეთის უსაფრთხოების სამსახურში "საპასუხისმგებლო თანამდებობაზე", იმ დროისთვის უკვე ჰქონდა:
- ორდენი "ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის",
- ორდენი "დუსლიკი" (თათარსტანი),
- მედალი "ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირი",
- I ხარისხის ორდენი "უმამის წინაშე დამსახურებისთვის",
- ორდენი "ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის".
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ორმა რესპუბლიკამ - ადიღემ და ყაბარდო-ბალყარეთმა - უარი თქვეს კადიროვის ვაჟის – ადამის დაჯილდოებაზე. ამის შესახებ გამოცემა „ვიორსტკა“ ამ რეგიონების ხელისუფლებებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა.
წყაროების ცნობით, ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ მიმართა ამ და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკების ადმინისტრაციებს კადიროვის მოზარდი ვაჟის „მხარდაჭერის“ მოთხოვნით. გამოცემის წყაროების მიხედვით, უკიდურეს შემთხვევაში, ადიღეის ხელმძღვანელს მურატ კუმპილოვს ურჩევნია, „ჩამოშორდეს“ ჩეჩნეთთან ძალიან მჭიდრო კავშირს, კერძოდ, ადამ კადიროვის მიერ იზოლატორში დაუცველი პატიმრის ნიკიტა ჟურაველის ცემის ამბავს, რომელიც დააკავეს ყურანის დაწვისთვის. თუმცა მეორე რესპუბლიკამ როგორც ჩანს, გადაწყვეტილება კადიროვის სასარგებლოდ შეცვალა.
25 სექტემბერს კადიროვის ტელეგრამ–არხზე გამოჩნდა "პოსტი" ვიდეოს თანხლებით, რომელზეც ჩანს, როგორ სცემს მისი შვილი ადამი დაუცველ პატიმარს – ნიკიტა ჟურაველს, რომელიც დააკავეს ვოლგოგრადში ყურანის დაწვისთვის. საქმე გამოძიებისთვის კანონსაწინააღმდეგოდ გადავიდა ჩეჩნეთში, თავად დაკავებული გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სწორედ იქ განხორციელდა მასზე ძალადობა.