
ოპოზიცია: იმ ციფრული ბანკის 50%–იანი წილის მფლობელი, რომელზეც სებ–მა ლიცენზია გასცა, ფულის გათეთრებასა და რუსული ბიზნესის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი
15/11/2023 11:18:05 ეკონომიკა
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ ციფრული ბანკის 50%–იანი წილის მფლობელი, რომელზეც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია გასცა, ფულის გათეთრებასა და რუსული ბიზნესის დაფინანსებაშია ეჭვმიტანილი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის რომან გოცირიძის განცხადებით, საუბარია ციფრულ ბანკ „ჰეშზე", რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია.
"ნათია თურნავამ გასცა ლიცენზია ე.წ. ციფრული ბანკის გახსნაზე, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი ბიზნესმენია, ხოლო წილის 50% ეკუთვნის კრიპოტო ბირჟას. ვის გაუგია, კრიპტო ბირჟა აფუძნებდეს ბანკს, მაგრამ თავი დავანებოთ კრიპტო ბირჟას, რომელიც ფულის გათეთრებაშია შემჩნეული, ეს კრიპტო ბირჟა არის უკრაინული ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაა "Whitebit". ახლა „გუგლში“ ნახეთ ვინ არის "Whitebit". ერთ წუთში რაც მოვასწარი ბირჟის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ქრონოლოგიურად გეტყვით, თუ რა წერია: „უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ დაავალა უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს, დაიწყოს გამოძიება ამ ბირჟისა, ვინაიდან ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებასა და რუსული ბიზნესის დაფინანსებაში. 18 თებერვალი, ეს არის ამ წელიწადს“. უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ დაიწყო მოკვლევა მარტის თვეში, შემდეგ დამატებითი მოკვლევა გააგრძელა აპრილში და მიმდინარეობს დღემდე. რატომ არ დაელოდა ეროვნული ბანკი გამოძიების შედეგებს? ამ ბირჟის დამფუძნებელი ყოფილა იანუკოვიჩის პარტიის წევრი და მისი შვილი, რომლებიც რუსეთში გაიქცნენ და 2022 წელს რუსეთი მოქალაქეობა მიიღეს. 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ჩამოერთვათ უკრაინის მოქალაქეობა. ერთი წელია ეროვნულ ბანკში დარბიან ეს ადამიანები, რომ მიიღონ ლიცენზია. რატომ არ მისცა ლიცენზია კობა გვენეტაძემ? რატომ არ გასცა არჩილ მესტვირიშვილმა? რატომ არ გასცა პაპუნა ლეჟავამ, რომელიც უშუალოდ საბანკო ზედამხედველობის ხელმძღვანელი იყო და თანამდებობიდან გადადგა, ასევე სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა იმ დანაშაულებრივი ქმედების გამო, რაც თურნავამ და თქვენ ჩაიდინეთ კანონის სახით. რატომ არ აძლევდნენ ლიცენზიას? დიდი რისკი იყო, რომ საქართველოში შემოსულიყო ფულის გათეთრების ერთ-ერთი ინსტრუმენტი. ნახავთ, დადგება დრო, როდესაც ვიღაცები ციხეში წავლენ, როდესაც ფულის გათეთრების ფაქტებზე დაიწყება გამოძიება“,- განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
რას ამბობს ეროვნული ბანკი
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ სებ-მა ლაშა პაპაშვილის ციფრულ ბანკ „ჰეშზე“ ლიცენზია გასცა.
"სააქციო საზოგადოება „ჰეშის“ ბიზნესმიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს, განახორციელოს საბანკო სერვისების მიწოდება, ძირითადად, ელექტრონული არხებით. ბანკი მიზნად ისახავს, ციფრულ სტრატეგიაზე გადასასვლელად განაწყოს ბაზრის როგორც ტრადიციული, ასევე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული მომხმარებელი.
საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნესმოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნესმოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის შესაბამისი ვადა განისაზღვრება.
სს „ჰეში“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის მანძილზე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ექნება. საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამისილების მინიჭება სალიცენზიო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე, ეტაპობრივად მოხდება.
თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი, შესაძლოა, შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ამ ლიცენზიის გაცემის შემდეგ საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი", – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 14 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა ვიცით ციფრული ბანკის შესახებ
ბანკის სადამფუძნებლო ინფორმაციის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალია 16,634,100 ლარი, რომელიც 210,000 აქციად იყოფა. აქედან 2,100 პრივილეგირებული აქციაა, რომელთა ერთეულის ღირებულებაა 1 ლარი, ხოლო 207,900 აქცია ჩვეულებრივი კლასის აქცია, რომელთა ერთეულის საფასურია 80 ლარი.
აქციონერები არიან:
- ვოლოდიმირ ნოსოვი: უკრაინის მოქალაქე, 103,950 აქცია, საწესდებო კაპიტალის 50%;
- სულხან პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 63,403 აქცია, საწესდებო კაპიტალის 30.5%;
- ლაშა პაპაშვილი, საქართველოს მოქალაქე, 40,541 აქცია, საწესდებო კაპიტალის 19.5%.
- ნანა ქებურია: საქართველოს მოქალაქე, 2,100 პრივილეგირებული აქცია (ხმის უფლების გარეშე).
ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა გიორგი ჩანადირი, მის გარდა, ბანკის დირექტორთა საბჭოში არიან გიორგი ქეშელაშვილი და ირაკლი ჩახნაშვილი.
ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა ასე ნაწილდება:
- ნანა ქებურია;
- მერაბი კაკულია;
- გოჩა მაცაბერიძე;
- თეონა მაკალათია.