
ახალი ნაძვის ხის შეძენა ბიუჯეტს 720 ათასი ლარი დაუჯდება
15/11/2023 09:40:42 საზოგადოება
ახალი ნაძვის ხის შეძენა ბიუჯეტს 720 ათასი ლარი დაუჯდება. როგორც სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ნაძვის ხის სიმაღლე 24 მეტრი იქნება. მას ჯამში 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება ექნება.
სატენდერო განაცხადის მიხედვით, ტენდერში კომპანია „ღამის შოუს სტუდიამ“ გაიმარჯვა. კომპანია თბილისის მერიას ნაძვის ხეს 720 ათას ლარად მიაწვდის, რაც სატენდერო ფასზე 10 ათასი ლარით ნაკლებია.
დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, თბილისი 2024 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება, ვინაიდან გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ფოიერვერკის გასროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.
მისი თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, 16 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.