
ერევანში იმედოვნებენ, სომხეთს მალე ფოთში ან ბათუმში ტერმინალის გახსნის შესაძლებლობა ექნება და ბორნების შესაძენად მოსკოვთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ
18/12/2019 16:09:15 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
სომხეთის ხელისუფლება შავ ზღვაზე ტვირთების გადასაზიდად რუსეთთან ბორნების შეძენის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, ამის შესახებ დღეს სომხეთის პარლამენტის რეგიონული და ევრაზიული ინტეგრაციის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ მიქაელ მელქუმიანმა განაცხადა.
„მოლაპარაკებები წარმოებს, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ხანში სომხეთი, ყაზახეთის მსგავსად, ფოთში ან ბათუმში ტერმინალის გახსნას შეძლებს“, – განაცხადა, ადგილობრივი მედიის ცნობით, მელქუმიანმა.
პორტალ VERELQ–ის ინფორმაციის, ჯერ კიდევ 13 ნოემბერს სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სურენ პაპიქიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ორი ბორნის შეძენაზე, რომელიც მოსკოვს ქერჩის ხიდის მშენებლობის შემდეგ გამოუთავისუფლდა.
კომპანია "ეი პი ემ ტერმინალს ფოთში" აცხადებენ, რომ მათ სომხურ მხარესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
"მსგავსი ჩვენი მხრიდან არაფერი ყოფილა. არც მათ გამოუთქვამთ რაიმეს შეძენის სურვილი. საერთოდ არ გვქონია კომუნიკაცია", - განუცხადეს "აქცენტს" კომპანიაში.
ცნობისთვის: დღეს, დღის მეორე ნახევარში სომხურმა და რუსულმა მედიასაშუალებებმა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ „სომხური მხარე დაინტერესებულია ბათუმის პორტის შესყიდვით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 600 მლნ აშშ დოლარად გაიტანა გასაყიდად“.
მოგვიანებით საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ „აქცენტის“ კითხვის საპასუხოდ შემდეგი განაცხადა:
„სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ბათუმის პორტი 49-წლიანი იჯარით მართვის უფლებით გადაცემული აქვს შპს ბათუმის ნავთობტერმინალს“.