Accentnews.ge
ისრაელის არმია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში სპეცოპერაციას ატარებს

ისრაელის არმია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში სპეცოპერაციას ატარებს

15/11/2023 05:09:06 მსოფლიო

ისრაელის არმია ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოში სპეცოპერაციას ატარებს, რომელსაც ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებს.

ისრაელის არმიამ დღეს ადგილობრივი დროით 04:04 საათზე განაცხადა, რომ მიმდინარეობს ზუსტი და მიზანმიმართული ოპერაცია საავადმყოფოს გარკვეულ რაიონში:

"ოპერაციაში ჩართულია საგანგებოდ მომზადებული მედიკოსები და არაბული ენის მცოდნე პირები, რადგან ჩვენი მიზანია ზიანი არ მიადგეს სამოქალაქო მოსახლეობას, რომელსაც „ჰამასი“ ცოცხალ ფარად იყენებს".

ისრაელის არმია აცხადებს, რომ ალ-შიფაში მყოფ „ჰამასის“ წევრებს დანებებისკენ მოუწოდებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არმია ხელს უწყობდა საავადმყოფოს ფართომასშტაბიან ევაკუაციას და რეგულარული დიალოგი ჰქონდა კლინიკის ხელმძღვანელებთან.

ალ-შიფა ღაზის სექტორის უდიდესი საავადმყოფოა და რამდენიმე კორპუსისგან შედგება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენლები 14 ნოემბერს აცხადებდნენ, რომ ალ-შიფაში იმყოფება 700-მდე პაციენტი, 400 თანამშრომელი და კიდევ 3000-მდე სამოქალაქო პირი, რომლებმაც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების გამო თავი საავადმყოფოს შეაფარეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საავადმყოფოს შენობების ქვეშ „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტი მდებარეობს. ეს CNN-ს დაუდასტურა ამერიკელმა მაღალჩინოსანმაც, რომელიც ინფორმირებულია შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემების შესახებ. აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტის არსებობას უარყოფს. ამასთან, სხვადასხვა წყაროთი ვრცელდება ცნობები, რომ „ჰამასი“ მძევლებს შესაძლოა, ალ-შიფის კომპლექსის მიწისქვეშა გვირაბებში მალავდეს.

ცნობისთვის: 13 ნოემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე ვითარება იყო: "ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშულია და საკვებისა და წყლის დეფიციტია".

მოგვიანებით, იმავე დღეს ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს–სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ "ჰამასი" ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებს საწვავის შეგროვებაში უშლიდა ხელს:

"ისრაელის არმიამ ღამით საავადმყოფოსთან 300 ლიტრი საწვავი დატოვა, მაგრამ "ჰამასი" ხელს უშლიდა და ახორციელებდა ზეწოლას საავადმყოფოზე არ შეეგროვებინა იგი".

"ჰამასი" ბრალდებას უარყოფს.

13 ნოემბერს საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა BBC-ს განუცხადა, რომ 300 ლიტრი საწვავი გენერატორების მუშაობას მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.

  • ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".
  • 7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S