ზელენსკიმ და ზალუჟნიმ ფრონტის ყველაზე რთული მიმართულებები დაასახელეს
14/11/2023 06:55:18 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაასახელა ფრონტის ის მიმართულებები, სადაც სიტუაცია ყველაზე მძიმეა.
კერძოდ, ზელენსკიმ თქმით, რთული ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში - ავდეევკის, მარინკის, ბახმუტის, ლიმანის, კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 13 ნოემბერს სამხედრო დაზვერვის და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელების კირილო ბუდანოვის და ოლექსანდრ ლიტვინენკოს ანგარიშები მოისმინა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ იცის და მომავალშიც ეცოდინება, რას ამზადებს მტერი და როგორი უნდა იყოს სწორი პასუხი როგორც ხმელეთზე, ისე შავ ზღვაში.
ფრონტზე არსებული ვითარება უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ ჩარლზ ბრაუნთან განიხილა. მათი სატელეფონო საუბარი 13 ნოემბერს გაიმართა. ზალუჟნის ინფორმაციით, გენერალ ბრაუნთან განიხილა ზამთრის პერიოდისთვის არსებული გეგმები და უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებები, პირველ ყოვლისა ჭურვები, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და უპილოტო საფრენი აპარატები.
ზალუჟნის ცნობით, ყველაზე ცხელი წერტილებია: ავდეევკა, კუპიანსკი და მარინკი. მისი განცხადებით, ამ მიმართულებებით ვითარება რთული, მაგრამ კონტროლირებადია.
როგორც იგი აღნიშნავს, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას გარკვეული მიმართულებებით, სადაც მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდალს კონკრეტული მიმართულებები არ დაუსახელებია.


