
თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა
13/11/2023 14:01:24 საზოგადოება
85 წლის ასაკში თენგიზ კიტოვანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მედიასაშუალებები ოჯახზე დაყრდნობით იუწყებიან.
კიტოვანი 1992-93 წლებში ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი და თავდაცვის მინისტრი იყო. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სამოქალაქო ომში. სამხედრო გადატრიალების შემდეგ იყო საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი.
1996 წლის ოქტომბერში თენგიზ კიტოვანი დააკავეს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით და 8-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს. 1999 წლის 22 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ შეიწყალა კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.
2000-იან წლებში კიტოვანი მოსკოვში ცხოვრობდა. საქართველოში 2012 წელს დაბრუნდა.