Accentnews.ge
აშშ–მა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი LNG– პროექტი მსოფლიო ბაზარს ჩამოაშორა

აშშ–მა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი LNG– პროექტი მსოფლიო ბაზარს ჩამოაშორა

13/11/2023 11:19:03 მსოფლიო

წლების წინ რუსეთმა აქტიურად დაიწყო ენერგეტიკული რესურსების საიმედო მიმწოდებლის იმიჯის ფორმირება. ახლა რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული და "გაზპრომმა" თავადვე "გაითხარა" ორმო, როდესაც შეწყვიტა ევროპული ქვეყნებისთვის მიწოდება კრემლის ბრძანებით. იმავდროულად, თხევადი ბუნებრივი აირის წარმოება ჯერ არ არის შეზღუდული და ევროკავშირმა შესყიდვებიც კი მნიშვნელოვნად გაზარდა. მაგრამ ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები პროექტ "Arctic LNG 2" წინააღმდეგ. ზომების მიზანია, დაბლოკონ ევროპისა და აზიის ქვეყნებმა მისგან გაზის შესყიდვა, როდესაც ის (მომავალ წელს) დაიწყებს წარმოებას, –განუმარტეს Financial Times-ს ოფიციალურმა პირებმა, იურისტებმა და ანალიტიკოსებმა.

Novatek-ის მიერ განხორციელებული Arctic LNG 2 პროექტი ითვალისწინებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) წარმოების სამი ტექნოლოგიური ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 19,8 მილიონი ტონაა წელიწადში. საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის სექტემბერში, კაპიტალური ინვესტიციები პროექტის სრული სიმძლავრით დასაწყებად შეფასებულია $21,3 მილიარდ დოლარად.

როგორც განმარტავენ, რუსეთი გეგმავს, 2030 წლისთვის LNG-ის წლიური წარმოების გაზრდას 100 მილიონ ტონამდე; ეს სამჯერ მეტია, ვიდრე მიმდინარე ექსპორტის მოცულობა. ამრიგად, Arctic LNG 2–მა უნდა უზრუნველყოს რუსეთის LNG წარმოების დაახლოებით მეხუთედი.

ამერიკელი ოფიციალური პირები ცდილობენ, არ შეწყვიტონ რუსეთიდან ენერგორესურსების ექსპორტის ამჟამინდელი მოცულობა, მაგრამ აპირებენ, შეზღუდონ მისი შესაძლებლობა, გამოიმუშაოს ფული ახალი მარაგებით, – აღნიშნავს FT.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა:

"ჩვენ არ გვაქვს სტრატეგიული მიზნები, შევამციროთ ენერგორესურსების მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, რაც გამოიწვევს ფასებს და გაზრდის [ვლადიმერ] პუტინის მოგებას. თუმცა, ჩვენ, ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს გვაქვს დიდი ინტერესი, დროთა განმავლობაში ძირი გამოეთხაროს რუსეთის, როგორც ენერგეტიკული რესურსების წამყვანი მიმწოდებლის სტატუსს".

Arctic LNG 2-ზე სანქციების დაწესებით, აშშ ცდილობს, „პროექტი სრულიად ტოქსიკური გახადოს“ და ზეწოლა მოახდინოს „ნებისმიერ არაამერიკულ კომპანიაზე, რომელიც აპირებს მისგან გაზის შეძენას“, ამბობს ფრენსის ბონდი, სანქციების სპეციალისტი იურიდიული ფირმა Macfarlanes-ში.

სანქციების დაწესების შემდეგ, Energy Aspects-მა განაცხადა, რომ ამოიღებს Arctic LNG 2 მიწოდებას, რომელიც უნდა დაწყებულიყო 2024 წლის პირველ კვარტალში, მისი გლობალური მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელიდან მომავალი წლისთვის.

უცხოელ აქციონერებს, თუ მათ არ სურთ, დაექვემდებარონ აშშ-ის მეორად სანქციებს, მოუწევთ პროექტიდან გასვლა 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის.

ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე, ევროკავშირის ხელისუფლებამ ისაუბრა რუსული LNG-ის შესყიდვების შეზღუდვის მიზანშეწონილობაზე, რომელიც გასულ წელს, "ბრიუგელის" ანალიტიკური ცენტრის მიხედვით, შეადგენდა 19,2 მილიარდ კუბურ მეტრს. ეს 35%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით და 31%-ით მეტი – 2020 წელთან შედარებით. ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა მოუწოდა ევროკავშირის კომპანიებს, არ განაახლონ გრძელვადიანი კონტრაქტები რუსეთთან.

LNG-ის მიწოდებაზე შეზღუდვები ძირს უთხრის რუსეთის გრძელვადიან გეგმებს ამ ბაზარზე თავისი პოზიციის გაძლიერების, რაც მეტ შესაძლებლობებს უტოვებს დანარჩენ ორ წამყვან მწარმოებელს - შეერთებულ შტატებსა და კატარს. ამ უკანასკნელმა ოქტომბერში დადო ორი უმსხვილესი და გრძელვადიანი (27 წლიანი) გარიგება ევროკავშირის ქვეყნებისთვის LNG-ის მიწოდებაზე. ეს შესყიდვები საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ჩაანაცვლოს რუსეთიდან გაზის ომისწინა იმპორტის დაახლოებით 6,5%.

რუსეთისთვის შეუძლებელი იქნება, მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი წილი LNG–ის გლობალურ ბაზარზე იმის გათვალისწინებით, რომ ის ამჟამად დიდწილად გარიყულია გლობალური ფინანსური სისტემიდან და ეკონომიკიდან,– ამბობს ლორან რუსექსასი, გაზის ექსპერტი და S&P Global-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S