Accentnews.ge
რა თქვა პრეზიდენტმა, რის გამოც პრემიერმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე "სინანული გამოხატა"

რა თქვა პრეზიდენტმა, რის გამოც პრემიერმა ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე "სინანული გამოხატა"

13/11/2023 10:46:42 პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან და "საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების გამო სინანული გამოხატა".

როგორც ირკვევა საუბარია პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელიც მან ფრანგულ გამოცემა LCI-სთან გააკეთა.

"პრემიერ-მინისტრმა ამავდროულად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია. აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირების მიზეზი. პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ. პრემიერმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას", – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა თქვა პრეზიდენტმა

პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემას ინტერვიუ 11 ნოემბერს მისცა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ჩინეთსა და მის ლიდერზე საუბრობს:

"– გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინს როდესმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ...

– მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა.

– რატომ?

– იმიტომ რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში.

– შეიძლება უფრო მკაფიო ჟესტები გვქონდეს? მაგალითად, ის ჯერ კიდევ დიდი ჯვრით თუ არ ვცდები, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრით არის დაჯილდოებული, უნდა მოხდეს მისი ჩამორთმევა.

– დიახ, უდავოდ! ვფიქრობ, არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, პუტინია თუ სხვა ვინმე, ეს არის სისტემა.

– რომელიც გაგრძელდება, შეიძლება გაგრძელდეს მის შემდეგ?

– გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ვაიძულებთ რომ უარი თქვან ამ იმპერიალიზმზე, და დაუბრუნდნენ ნორმალიზებას, მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. სანამ რუსეთს დავტოვებთ იმპერიალისტურად და მივცემთ საშუალებას მოიქცეს იმპერიალისტურად, მოვა ვინმე სხვა და მოიქცევა ასევე. სისტემებს საკუთარი ლოგიკა აქვთ და ტოტალიტარულ, ავტორიტარულ სისტემებს კიდევ უფრო მეტად.

– [...] ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რამდენიმე წუთში ვნახავთ შარლ მიშელს, ევროკავშირის წარმომადგენელს.

– მე ვისურვებდი, რომ ჩემს შემდეგ ყოფილიყო შარლ მიშელი, ვიდრე რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი.

– რუსეთის საელჩოს წარმომადგენელსაც მოვუსმენთ, რადგან ერთ-ერთი განვითარება არის რომ რუსეთი და ჩინეთი თავიანთ თამაშს თამაშობენ, ევროკავშირი შეხვდება ჩინეთს, და ვნახავთ შესაძლებელია თუ არა მოლაპარაკება რუსეთთანაც კი, თუ საჭირო იქნება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. თქვენ მომხრე იქნებოდით რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის?

– ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები ოკუპაციის შემდეგ და [ოკუპირებული ტერიტორიების] ეგრეთწოდებული დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

– შეიძლება ეს მოდელი იყოს ევროკავშირისთვის? ევროპული სიმამაცის ფორმა იქნებოდა ნამდვილად დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა ქვეყანასთან, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ბრალდებული ?

– ვფიქრობ, ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ტერიტორია არის ოკუპირებული, ეს ლეგიტიმურია და ეს პასუხობს პრინციპულ პოზიციას. არ ვფიქრობ, რომ ერთიანობისთვის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს, ეს არჩევანი იყოს. ევროკავშირი ყველგან უნდა იყოს წარმოდგენილი. დიპლომატია მხარდაჭერა არ არის, დიპლომატია შეიძლება იყოს პრინციპებისა და პოზიციების შენარჩუნება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S