
„ანაკლიის კონსორციუმისთვის" ვალდებულებების შესრულების ვადის გადავადება ყოვლად მიზანშეუწონელია, რადგან პორტის პროექტი ისედაც დაგვიანდა“
18/12/2019 08:53:37 ეკონომიკა
მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებათა შესრულების ვადას სავარაუდოდ აღარ გაუხანგრძლივებს. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ პროექტის მეტად გადავადების პერსპექტივას ვერ ხედავს.
„დარჩა რამდენიმე დღე ბოლო ვადის ამოწურვამდე. მე არ მინდა გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაღალი მოლოდინები ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ გვაქვს. რაც შეეხება პროექტის გადავადებას, ეს არის ყოვლად მიზანშეუწონელი. პროექტი ისედაც საკმაოდ დაგვიანდა და ჩვენ პირველი ტენდერის პირობების მიხედვით და პირველადი შეთანხმებით ინვესტორთან 2020 წელს უკვე მოქმედი პორტი უნდა მიგვეღო და პროექტის პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. ეკონომიკა ისედაც საკმაოდ დაზარალდა იმის გამო, რომ ჩვენ ჯერაც არ გაგვაჩნია ღრმაწყლოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა. მე, პირადად ვერ ვხედავ ამ პროექტის მეტად გადავადების პერსპექტივას“, – აღნიშნა თურნავამ.
16 დეკემბერს უკვე ამოიწურა შუალედური ვადა, როდესაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ბანკებთან ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებები უნდა წარმოედგინა. 31 დეკემბერი კი საბოლოო ვადაა, როდესაც კონსორციუმმა უნდა მოიზიდოს, როგორც საკუთარი კაპიტალი, ისე გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები პორტის მშენებლობის დასასრულებლად.
კონსორციუმმა 16 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ახალი ინვესტორის მოძიებაზე და ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის იმედზეა საუბარი.