
ისარელის არმია: "ჰამასი" ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებს საწვავის შეგროვებაში უშლის ხელს
13/11/2023 06:38:32 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის ძალების პრეს–სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ "ჰამასი" ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს თანამშრომლებს საწვავის შეგროვებაში უშლის ხელს.
მისი თქმით, ისრაელის არმიამ ღამით საავადმყოფოსთან 300 ლიტრი საწვავი დატოვა, მაგრამ ჰამასი "ხელს უშლიდა და ახორციელებდა ზეწოლას საავადმყოფოზე" არ შეეგროვებინა იგი. "ჰამასი" ბრალდებას უარყოფს.
საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელმა განუცხადა BBC-ს, რომ 300 ლიტრი საწვავი გენერატორების მუშაობას მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში უზრუნველყოფს.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას მთავარ სამედიცინო დაწესებულებაში, ალ-შიფას საავადმყოფოში მძიმე და სახიფათო ვითარებაა, ელექტროენერგია თითქმის სრულად გათიშულია და საკვებისა და წყლის დეფიციტია.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ ალ-შიფა აღარ ფუნქციონირებს, როგორც საავადმყოფო.
ისრაელი ღაზაში ოპერაციას აგრძელებს. ისრაელის არმიას ბრძოლა აქვს „ჰამასის“ წევრებთან ღაზას სექტორში მდებარე „ალ-შიფას“ საავადმყოფოს მახლობლად.
ისრაელი „ჰამასს“ ადანაშაულებს, რომ საავადმყოფოს ტერიტორიის ქვემოთ სამეთაურო პუნქტი აქვს. საავადმყოფოს პერსონალი და დაჯგუფება, რომელიც აკონტროლებს სექტორს, ამას უარყოფს.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მზად არის, დაეხმაროს საავადმყოფოს პერსონალს ჩვილების ევაკუაციაში. ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში საწვავი ბოლო მოქმედ გენერატორშიც გათავდა. მათი თქმით, ორი ახალშობილი გარდაიცვალა და კიდევ ათეულს საფრთხე ემუქრება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი".
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 ათასამდეა.